პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში ცვლილებები, მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები 74 ხმით მიიღეს.
კანონმდებლებმა საბოლოო – მესამე მოსმენით მიიღეს ასევე თანმდევი კანონპროექტები, კერძოდ, ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებათა პროექტები. ცვლილებები ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმებას.
ცვლილებების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას. გარდა ამისა, კანონის პროექტით ახლებურად დარეგულირდება სტატუსის მაძიებლის თვითშეფასებასთან, ავტორიზაციის სამართლებრივ შედეგებთან და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საკითხები.