“გემსაწინააღმდეგო იარაღი, Harpoon-ის რაკეტები, NASAMS-ის საზენიტო სისტემები გვჭირდება” – ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად სჭირდება საზენიტო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ჯავშანტექნიკის განადგურების საშუალებები და საარტილერიო სისტემები.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნორვეგიას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან უკვე გაუწია უკრაინას, კერძოდ, იარაღის მიწოდებისთვის.

„თქვენ ისტორიული ნაბიჯები გადადგით და მოგვაწოდეთ ის, რაც გვჭირდებოდა თავისუფლებისთვის და ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ომი გრძელდება. რუსეთი ჩვენს მიწაზე ახალ ძალებს აგზავნის, რომ გააგრძელოს ჩვენი განადგურება, უკრაინელების განადგურება. ომის დასრულებისთვის მეტი უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, პირველი და უმთავრესი, რაც უკრაინას სჭირდება, არის იარაღი.

“თავისუფლება ტირანიაზე არანაკლებად უნდა იყოს შეიარაღებული. ძალიან კონკრეტული ვიქნები: ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს, ქალაქებს, ისინი ინგრევა. ამიტომ, მინდა, ნათლად განვაცხადო, თუ რა გვჭირდება. კერძოდ, გემსაწინააღმდეგო იარაღი, Harpoon-ის რაკეტები და ასევე NASAMS-ის საზენიტო სისტემები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ჯავშანტექნიკის და საარტილერიო სისტემების განადგურების საშუალებები.

”ყველა იარაღი, რომლითაც შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ, გამოყენებული იქნება მხოლოდ ჩვენი თავისუფლებისა და თქვენი თავისუფლების, უსაფრთხოების დასაცავად”, – დასძინა მან.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები