ნორვეგიამ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღის ახალი პარტია გადასცა

ნორვეგიამ უკრაინას M72 ტიპის ყუმბარმტყორცნი გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.

„რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ რამდენიმე ქვეყანას სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა, რომ რუსული ძალისგან დაცვა შეეძლოთ, რომლებიც თავს ესხმიან როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედრო ობიექტებს. ნორვეგიამ, ისევე – როგორც რამდენიმე სხვა ქვეყანამ, უპასუხა თხოვნას ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დამატებითი შემოწირულობით, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნეს საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ“, – განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ოდ როჯერ ენოქსენმა.

მისი თქმით, „თუ უკრაინა მოახერხებს რუსეთის თავდასხმის მოგერიებას, ის უზრუნველყოფს სუვერენიტეტს, ასევე, დაეხმარება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ნორმის შენარჩუნებას და ევროპაში საზღვრების პატივისცემას“.

იარაღის ახალი პარტია უკრაინაში უკვე გაგზავნილია.

მარტის დასაწყისში ნორვეგიის მთავრობამ უკრაინას ამავე რაოდენობის იარაღი უკვე გადასცა.

როგორც დღეს ნორვეგიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, აგრესორის მოსაგერიებლად მას სჭირდება საზენიტო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ჯავშანტექნიკის განადგურების საშუალებები და საარტილერიო სისტემები.

“ძალიან კონკრეტული ვიქნები: ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს, ქალაქებს, ისინი ინგრევა. ამიტომ, მინდა, ნათლად განვაცხადო, თუ რა გვჭირდება. კერძოდ, გემსაწინააღმდეგო იარაღი, Harpoon-ის რაკეტები და ასევე NASAMS-ის საზენიტო სისტემები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ჯავშანტექნიკის და საარტილერიო სისტემების განადგურების საშუალებები.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები