პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

????????????????????????????????????

საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 82 ხმით, ერთი წინააღმდეგი მიიღო.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის კომიტეტში მეორე მოსმენის განხილვის შედეგად მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა. მიხეილ სარჯველაძემ კანონპროექტის ძირითად არსზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ამნისტია ორი ბლოკისგან შედგება.

„პირველი უკავშირდება კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო გარკვეული სასჯელების შემცირებას, შესაბამისად, ამ კუთხით გვაქვს ოდნავ ახლებური მიდგომა იმ თვალსაზრისით, რომ ვისაც მოუწია გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასჯელის მოხდა და ერთთვიანი პერიოდია აღებული ასეთ პირობებში, ყველა მათგანზე იქნება გავრცელებული ამნისტია, გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელიც საქართველოს კონვენციურ მოვალეობას უკავშირდება, კერძოდ, წამების დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებზე ამნისტიის გაუვრცელებლობას.

მეორე საკითხი, რაც აღნიშვნას იმსახურებს, არის ის, რომ შემოვიტანეთ დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც შემოთავაზებული იყო, მათ შორის, ალტერნატიული კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს დიფერენცირებული მიდგომა გულისხმობს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მქონე პირთათვის შედარებით მცირე შეღავათის გავრცელებას და შედარებით მეტი შეღავათის გავრცელებას იმ პირებზე, ვისაც სასჯელის სახით ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა გათვალისწინებული. ასევე დამატებით შეღავათია გათვალისწინებული ქალებისთვის, არასრულწლოვნებისთვის და 70 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმული პირებისთვის, შესაბამისად, მათთან მიმართებაში ოდნავ დიდი იქნება ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი”, – განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, საკითხების მეორე ბლოკი უკავშირდება 2004 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს: „გაფართოვდა წრე იმ დანაშაულებისა, რომლისთვისაც არ იქნება გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად, ქმედებები არ დაექვემდებარება ამნისტირებას”, აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. მომხსენებელმა კანონპროექტის მუხლობრივად განხილვისას, კოლეგებს საკომიტეტო განხილვის შემდეგ შეტანილი ცვლილებები გააცნო.

მისივე თქმით, დამატებითი კონსულტაციების შედეგად მცირედით მოხდა იმ ვადების გაზრდა, რომლებიც შეღავათის სახით იქნება გათვალისწინებული. დეტალური მუხლობრივი განხილვის შემდეგ, კანონპროექტთან დაკავშირებით, უფრაქციო პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა პოზიციები დააფიქსირეს.

უფრაქციო პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ის მიესალმება ამნისტიის იმ ნაწილს, რაც კოვიდ ამნისტიას შეეხება, თუმცა მხარს არ უჭერს კანონპროექტის მეორე ნაწილს. „ძალიან კარგია ამნისტიის აქტის პირველი ნაწილი, რომელიც შეეხება კოვიდ ამნისტიას იმიტომ, რომ პატიმრებისთვის ამ პერიოდში მართლაც იყო სერიოზული შეზღუდვები და ამის კომპენსირება ხდება. მივესალმები ამნისტიის ამ წილს, მაგრამ ეს კარგი განზრახვა დამძიმებულია ძალიან არასრულფასოვნად დამუშავებული მეორე ნაწილით, რომელიც ცალკე კიდევ შეიცავს გარკვეულ სერიოზულ პოლიტიკურ რისკებს, მაგრამ რისკებსაც რომ თავი დავანებოთ სამართლებრივად არ არის სრულფასოვნად დამუშავებული”, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

ფრაქცია „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ეს არის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ინიციატორებს. „როდესაც ადამიანი არის ციხეში, სახელმწიფოს აქვს სრული კონტროლი მასზე და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ ის არ დაავადდეს ინფექციური დაავადებით. ამიტომ იმ შეზღუდვების დაწესება სახელმწიფოს ვალდებულება იყო და იმ შეზღუდვების შედეგად დაზიანებული უფლებების კომპენსირებაც დღეს სახელმწიფოს ვალდებულებაა”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის” თავმჯდომარეს იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ ამნისტია კანაფის მოხმარებისთვის მსჯავრდებულებსაც უნდა შეეხოს და კოლეგებს აღნიშნულის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „რა გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან მოძალადეები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, გავათავისუფლოთ ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც დღეს დადასტურებულად ვიცით, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს. არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული სტატისტიკა ძალადობის, მკვლელობის თუ ავტოსაგზაო შემთხვევის მას შემდეგ რაც ნარკოპოლიტიკა ასე თუ ისე შევცვალეთ. პირიქით, შემცირდა მომხმარებლების რაოდენობა, შემცირდა გარდაცვალების რაოდენობა, რომლებიც რაღაც უცნაურ ნარკოტიკს მოიხმარდნენ.
ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას, რომ ამნისტია შეეხოს ხალხს, რომელიც კანაფის გამო ზის ციხეში”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” სახელით, „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი, პარლამენტის წევრმა, დავით ზილფიმიანმა შეაფასა. მისი განცხადებით, კანონპროექტის განხილვისას, ოპოზიციიდან და მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან პროფესიონალური მსჯელობა გაიმართა, თუმცა მათი გამოსვლები და შეფასებები ორ ჯგუფად გაიყო. მისი თქმით, გამომსვლელების ნაწილმა მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭირონ უფრო ფართო ამნისტიას, ნაწილი კი პირიქით, მის შეკვეცაზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები