ბრიტანეთი არ არის მზად, უკრაინას უსაფრთხოების ისეთი გარანტიები მისცეს, როგორიც ნატო-ს აქვს

ბრიტანეთი განიხილავს უკრაინის თხოვნას, გახდეს მისი უსაფრთხოების გარანტი, მაგრამ გამორიცხავს ისეთი ვალდებულებების აღებას, როგორიც აქვთ ნატო-ს წევრებს ალიანსის ფარგლებში.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ვიცეპრემიერმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, წერს The Guardian-ი.

„ყურადღებით განვიხილავთ ყველაფერს, რაც პრეზიდენტ ზელენსკის სჭირდება. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ არ ვაპირებთ, ნატო-ს ვალდებულებები ცალმხრივად გავიმეოროთ“, – თქვა რააბმა.

მისი თქმით, ბრიტანეთის გადაწყვეტილება, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი, “დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ კონკრეტულად რაზე იქნება საუბარი”.

ამასთან, პოლიტიკოსმა გამორიცხა, რომ გარანტიების შესახებ შეთანხმება შეიძლება, მოიცავდეს ბრიტანეთის ჯარების რუსეთთან ომში უშუალო ჩართვას.

“ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ  ჩათრევას პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში. უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი”, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინისგან ნეიტრალურ სტატუსს და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას ითხოვს.

უკრაინა, თავის მხრივ, ცდილობს – უსაფრთხოების გარანტიები საერთაშორისო პარტნიორებისგან, კერძოდ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისგან, მათ შორის, ბრიტანეთისგან მიიღოს.

29 მარტს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის დელეგაციის წევრმა, ალექსანდრე ჩალიმ განმარტა, რომ უკრაინას უსაფრთხოების ისეთი გარანტიები სჭირდება, როგორიც ნატო-ს ქვეყნებს აქვთ, მე-5 მუხლის მსგავსი.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები