მიხეილ სააკაშვილი: აგერ ვარ და ასე ვივლი მთელს მსოფლიოში
ვივლი და ვივლი საქართველოს საკეთილდღეოდ, ვერავინ შემზღუდავს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ექსპრეზიდენტის აზრით, ხელისუფლების გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთრებელი, უსამართლო და სასაცილოა, რადგან უკვე მთელი მსოფლიო დასცინით.
“ერთადერთი, რუსებს უხარიათ, რომ შემიზღუდონ გადაადგილება, რადგან მათ აღიზიანებთ ჩემი გადაადგილება უკრაინაში, აქ. რანაირად უნდა შემიზღუდონ გადაადგილება, ხომ ხედავთ აქ ვარ დღეს, ევროპის მთავარ ქვეყანაში, მის ხელმძღვანელთან და ბევრად მეტ ადგილას დავდივარ, ვიდრე მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე და კიდევ უფრო ნაკლებად ივლიან იმის ფონზე, რასაც აკეთებენ და ვიდრე დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი. ვივლი და ვივლი საქართველოს საკეთილდღეოდ, ვერავინ შემზღუდავს”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ორი ქვეყანაა, სადაც ის ვერ ჩავა და ერთ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ეს საქართველოა.
“საქართველოს შემთხვევაში ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ბოლოს და ბოლოს შვილი მეზრდება საქართველოში და მენატრება ჩემი შვილიც და ჩემი ოჯახიც მთლიანად, მაგრამ ამის მიუხედავად, გავუძლებთ. მენატრება ჩემი ქვეყანა მთლიანად. ეს არის ძალიან დროებითი მოვლენა და ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს დაწყებულ საქმეს და ხომ ხედავთ, აგერ ვარ და ასე ვივლი მთელს მსოფლიოში, რანაირად უნდა შემზღუდონ?!”, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას.