გურამ მაჭარაშვილი: სჯობს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია იყოს არა საჯარო წერილებით, არამედ – უშუალოდ პრემიერთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია არა საჯარო წერილებით, არამედ პირისპირ, უშუალოდ პრემიერთან უნდა ხორციელდებოდეს.

მისი თქმით, ელჩების დანიშვნის საკითხი ამგვარი კომუნიკაციით უფრო მოგვარდება.

„იყო ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ელჩების დანიშვნას ხელს არ აწერდა. ამის გამოგონება არაფერში დასჭირდებოდა მთავრობას, ამის მიზეზი ბუნებაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, არ მესმის პრეზიდენტის განცხადება. პრეზიდენტს შეუძლია, საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია დაამყაროს, გაარკვიოს, როდის ხდება ელჩების კანდიდატურების გაგზავნა მთავრობის მხრიდან და როდის ხელმოწერა. ალბათ, სჯობს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია იყოს არა საჯარო წერილებით, არამედ – უშუალოდ პრემიერთან. სჯობს, პრეზიდენტის მხრიდან კომუნიკაცია იყოს პრემიერთან და ეს საკითხი ასე უფრო მოგვარდება, ვიდრე საჯარო განცხადებებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რეალურ სურათს არ ასახავს ინფორმაცია, თითქოს ბოლო ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
საპასუხო განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 დიპლომატის კანდიდატურა და პრეზიდენტმა ყველას დანიშვნაზე გამოსცა განკარგულება. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ “ტყუილში ჩვენი დადანაშაულება იწვევს არასასურველ დაძაბულობას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები