გია ცაგარეიშვილი: პოლარიზაცია ქვეყნისთვის ხელსაყრელი არ არის – მესმის, რომ აუცილებელია დიალოგი, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება
“პოლარიზაცია, განსაკუთრებით – ამ ფონზე, ქვეყნისთვის ხელსაყრელი არ არის, მაგრამ როცა სხდომათა დარბაზში ისმის ბრალდებები, საოცარ შედარებებს აკეთებენ, გულდასაწყვეტია და, რა თქმა უნდა, პასუხს მოითხოვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ცილისწამებები არ სრულდება.
„საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ყველა წინამორბედისგან იმით გამოირჩევა, რომ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მოყოლებული ჩვენ ქვეყანაში კოჰაბიტაციის რეჟიმი გამოვაცხადეთ, გადავწყვიტეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაგვეწყო დიალოგი ყველა მიმართულებით და მერწმუნეთ, ეს ურთულესი იყო. ამ მოლაპარაკების შედეგებს ახლაც ვიმკით. მათი მხრიდან არ გაჩერებულა ნიაღვარი ცილისწამების, ქვეყნის ღალატში დადანაშაულების, წარმოუდგენელი ბრალდებების. მიუხედავად ამისა, ხშირად გავუწოდეთ პარტნიორობის ხელი, მაგრამ პროცესი ვერ იქნება ცალმხრივი. როცა ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, მათაც იგივე უნდა გააკეთონ იმიტომ, რომ ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, მეტი არა და თუ ჩვენ ამას მალე გავიგებთ, ეს იქნება კარგი ყველასთვის. მაგრამ როცა სხდომათა დარბაზში ისმის ბრალდებები, საოცარ შედარებებს აკეთებენ, გულდასაწყვეტია და, რა თქმა უნდა, პასუხს მოითხოვს. მესმის, რომ აუცილებელია დიალოგი, საუბარი, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge