პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” პირველი მოსმენით განიხილეს.
„ცვლილება დაგეგმილია პრაქტიკაში გამოკვეთილი იმ გამოწვევებით, რომელიც აუცილებლად დარეგულირებას საჭიროებს, რათა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, გასაჩივრების შემთხვევაში დროულად და ეფექტიანად აღსრულდეს”,- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, რომელმაც პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები კოლეგებს გააცნო.
მისი განცხადებით, საქმე ეხება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხილულ, საჩივრის შემდგომ გამოტანილ დადგენილებებს მშენებლობის ნებართვის ფარგლებში არსებულ დავებთან დაკავშირებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ვერ ბარდება ადრესატს, რადგან ზოგადად ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით აქტი ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაში თუ მიმღები გაეცნობა ამ გადაწყვეტილებას.
ცვლილება ასევე ეხება კოდექსის იმ მუხლს, რომელიც დადგენილების ჩაბარებას გულისხმობს და საფოსტო გზავნილის გარდა შეთავაზებულია ახალი ალტერნატივა, სამშენებლო მოედანზე დადგენილების საჯარო გამოქვეყნების სახით. რაც მომხსენებლის განმარტებით იქნება იმის ალტერნატივა და დასტური, რომ დადგენილება გაცნობილად ჩაითვალოს.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტში საკომიტეტო მოსმენების დროს გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული და სრულად ასახულია. „კანონპროექტი არის ერთ-ერთი ნაწილი იმ სამართლებრივი ცვლილებებისა, რომელთა მიზანია უკანონო და კანონდარღვევით წარმოებული მშენებლობების პროცესის მეტი კონტროლი, რათა მოსახლეობის და სახელმწიფოს საჯარო ინტერესი იყოს დაცული”,-განაცხადა მაია ბითაძემ.