ჯემალ გამახარია: აფხაზური საზოგადოების უმრავლესობა კატეგორიული წინააღმდეგია იმის, რომ აფხაზებმა უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად იომონ
აფხაზებს არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში თავიანთი შვილები გააგზავნონ, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აფხაზეთი მზადაა, თავისი სტრატეგიული პარტნიორის დასახმარებლად საომარ მოქმედებებში ჩაერთოს, აფხაზური საზოგადოების უმრავლესობაში ძალიან მწვავე და უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
„უკრაინაში მიმდინარე რუსულმა აგრესიამ აფხაზეთშიც თავისი გამოძახილი ჰპოვა. აფხაზეთი, მოგეხსნებეთ, ოკუპირებული ტერიტორიაა. აქედან გამომდინარე, ველოდით იმას, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ თავიდან ბოლომდე რუსეთის აგრესიისთვის მხარი დაეჭირა.
აფხაზები დღემდე ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ საომარ მოქმედებაში უშუალოდ არ ჩაერთონ. იქ იმყოფება ცნობილი ტერორისტი ახრა ავიძბა, რომელიც დონბასში ადრეც იყო, სხვათა შორის, ის მოსკოვში გამოძახებული იყო მანამ, სანამ ომი დაიწყებოდა. ავიძბამ თავის ბანდიტებს მოუყარა თავი. მის ფორმირებაში აფხაზები ძალიან ცოტანი არიან, სულ თითზე ჩამოსათვლელები, დანარჩენები რუსები არიან. ბჟანია 23 მარტიდან დღემდე მოსკოვშია, მას თავდაცვის სამინისტროში ჰქონდა შეხვედრა, რომლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ლავროვსაც შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ აფხაზეთი მზადაა, თავის სტრატეგიულ პარტნიორს უკრაინაში მხარი დაუჭიროს, ანუ სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადა. იმავე დღეს სოხუმში ბრიფინგი ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ანუამ ჩაატარა და ბჟანიას სიტყვები გაიმეორა, რომ აფხაზეთი მზადაა, რუსეთს უკრაინის ომში დაეხმაროს. რა ხდება რეალურად: ე.წ. ჯარი, რომელიც აფხაზებს ჰყავთ, საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მაგრამ, მათ ეს ახსნეს იმით, რომ საქართველო, შესაძლოა, აფხაზეთს თავს დაესხას. ნატომ კომპიუტერული სწავლება ჩაატარაო. ამის გამო, იქ რაღაც ჯარების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა წარმოუდგენელია. მათ ეს გააკეთეს იმისათვის, რომ უკრაინაში ე.წ.ჯარების გაგზავნას თავი აარიდონ.
აფხაზეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა ომის პირველ დღებში, როცა გაირკვა, რომ რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას ვერ მიაღწევდა, გაიყვანეს. აფხაზეთში 100-150 სამხედროა დაჩენილი, რომელიც, სამწყობრო მომზადებას გადის, 9 მაისისთვის აღლუმისთვის ვემზადებითო. დანარჩენი თავის შეიარაღებით, ტექნიკით უკრაინაშია გადასროლილი. ალბათ, გეცონიდებათ ინფორმაცია იმის შესახებ , რომ უკრაინული მხარის ცნობით, ნიკოლაევის ოლქში აფხაზეთიდან წასული ბატალიონი სრულად განადგურებულია. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, აფხაზებს არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ ომში თავიანთი შვილები გააგზავნონ. რა რეაქცია მოჰყვა აფხაზურ საზოგადოებაში განცხადებას, რომლის თანახმადაც, აფხაზეთი მზადაა, თავისი სტრატეგიული პარტნიორის დასახმარებლად საომარ მოქმედებებში ჩაერთოს – როგორც მოსალოდნელი იყო სოციალურ ქსელებში და არა ოფიციალურად, ამას ძალიან მწვავე და უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ერთი-ორი ადამიანის გარდა, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ და რუსეთს უნდა დავეხმაროთო, ყველა კატეგორიულად წინააღმდეგია იმისა, რომ აფხაზებმა უკრაინაში იომონ. სოციალურ ქსელებში წერდნენ, ვინც რუსულ ფულებს იჯიბავს და სასახლეები აიშენა, მიბრძნადნენ და რუსეთისთვის იომონო, მთავრობა წავიდეს და იომოს, მაგრამ ჩვენს შვილებს, ძმებს, მეუღლეებს იქ არ გავაგზვნითო“- განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აფხაზეთზეც მძიმედ აისახება.
„აფხაზები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ძალიან ყურადღებით აკვირდებიან. ბევრს არ სჯერა, რომ რუსეთი გაიმარჯვებს, მიაჩნიათ, რომ რუსეთი დამარცხდება და იმაზე ფირქრობენ, რა მოელით თავად. მათი ბედიც რომ იქ წყდება, შესანაიშნავად იციან.
აფხაზები მარტო იმაზე კი არ ფიქრობენ ომში რუსეთი დამარცხდება, თუ გაიმარჯვებს, ფიქრობენ იმაზეც, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული. ეს სანქციები, ჩათვალეთ, რომ აფხაზების წინააღმდეგაცაა დაწესებული, რადგან ეს ერთი სივრცეა. თავს ვითომ დამოუკიდებლად მიიჩნევენ, მაგრამ ეს ხომ ერთი სივრცეა. სანქციები როგორც რუსეთზე მოქმედებს, კიდევ უფრო მძიმედ აფხაზეთზე აისახება. აფხაზეთში მძიმე ვითარება შეიქმნა: პროდუქტები არ არის, რაც არის გაორმაგებული ფასებია, საწვავი, ტრანსპორტი გაძვირებულია, ელექტროენერგია არ ჰქონდათ და ახლა მეტი პრობლემები შეექმნათ“ – განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მშვიდობიანი კურსი უნდა გააგრძელოს.
„ქართულ მხარეს პრინციპული პოზიცია აქვს: ოკუპირებულ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებას არავითარ შემთხვევაში არ აპირებს. მინდა, იმ აფხაზებს, რომლებსაც გარკვეული შიში აქვთ იმისა, რომ შეიძლება, საქართველო მათ თავს დაესხას, ვუთხრა: ნუ ექნებათ ამის შიში. მეტად იფიქრონ იმაზე, თუ რა იქნება ამ ომის დამთავრების შემდეგ. მეც და ჩვენი საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი, ალბათ, მოელის იმას, რომ მოგვიწევს აფხაზებთან დასხდომა და ურთიერთობის მშვიდობიანი მეთოდებით, მოლაპარაკების გზით გარკვევა. ამ კონფლიქტის დასრულება მოგვიწვეს. დამოუკიდებლობანას თამაში, რომელიც ამ 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მგონი, უკვე დასასრულს უახლოვდება. აფხაზებთან ერთად ამას წერტილი უნდა დავუსვათ.
რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ: არ უნდა ავყვეთ არავითარ მოწოდებას, საიდანც არ მოდიოდეს ის, ჩვენი მშვიდობიანი კურსი უნდა გავაგრძელოთ. გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთში უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, ქართულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენს თანამოქალაქეებს თავიდან ავაცილოთ შიმშილობა, რაც რეალურია, რომ აფხაზეთში დადგეს“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
თამუნა შეყილაძე