მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელად ბაკურ მიქაძე წარადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელად ბაკურ მიქაძე წარადგინა. ინფორმაციას, ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის უფრო მეტად განვითარების მიმართულებით. „საქართველო რეგიონალური სატრანზიტო მარშრუტების გზაგასაყარზეა და ტვირთების სტაბილური, უსაფრთხო მომსახურებისთვის აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა და ეფექტური მართვის სისტემების არსებობა. სატრანსპორტო ბაზრის გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოფს შუა დერეფანში მეტი ტვირთის მოზიდვას, რაც დადებითად აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზე, ასევე დარგიდან მისაღებ შემოსავლებზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე პროცესების მეტ გამჭვირვალობასა და უწყების ეფექტურ მართვაზე. მან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, არის ასოცირებული პროფესორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ასისტენტ – პროფესორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ბაკურ მიქაძეს მინიჭებული აქვს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი, აგრეთვე არის სამართალმცოდნეობის მაგისტრი.
სააგენტოს ახალი დირექტორის წარდგენას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი ესწრებოდა.