ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება
ოქტომბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის პირობების თანახმად, მასში ჩართვას და შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს ქმედობაუნარიანი მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა და სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში სტაჟირებას გაივლის საქართველოს 164 მოქალაქე შემდეგი მიმართულებებებით:
სამართალი
ეკონომიკა
ბიზნესის ადმინისტრირება
მშენებლობა/ჰიდროტექნიკური მშენებლობა/სივრცითი დაგეგმარება /ურბანისტი/არქიტექტურა
გეოლოგია/კარტოგრაფია
ფიზიკა, ქიმია, რადიოფიზიკა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები
მშენებელ-ინჟინერი, ინჟინერი, ავტოინჟინერი, ელექტროინჟინერი
ენერგეტიკა
ფინანსები/აუდიტი
საერთაშორისო ურთიერთობები
საჯარო მმართველობა
ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი ურთიერთობები
კავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
ტრანსპორტი/ლოგისტიკა
საზღვაო მიმართულება
ჰიდროგრაფია
ტურიზმის მიმართულება
სოციალური მეცნიერებები
პროგრამირება/IT მიმართულება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირების მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, www.hr.gov.ge -ის მეშვეობით.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პროგრამაში სტაჟიორად ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს უფლებამოსილი კომისია.