“ახლა რატომ აქვთ რადიკალებს პრეტენზია შანხაის ფორუმზე ჩვენ არყოფნასთან დაკავშირებით? თუ ჩინეთთან უნდათ ნორმალური ურთიერთობა, მაშინ რატომ საყვედურობენ ხელისუფლებას სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებაზე?” – მაჭარაშვილი
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, შანხაის სამიტზე საქართველოს არყოფნას და რადიკალების მხრიდან ამ საკითხით სპეკულირებას მედიასთან ეხმიანება.
„დღევანდელი მათი პრეტენზია, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველო შანხაის ფორუმზე, ნიშნავს იმას, რომ არათუ პოლიტიკაში ვერ ერკვევიან, არამედ ელემენტარულად პრეტენზიის შინაარსიც არ იციან“, – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებსა და პრეტენზიებში აირია.
მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას რადიკალების აღშფოთება მოჰყვა, ახლა კი შანხაის სამიტში მონაწილეობა სურთ.
„პრაქტიკულად ერთმანეთში აურიეს თავიანთი მოთხოვნებიც და პრეტენზიებიც. დაახლოებით 2 წლის წინ, როდესაც ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, მათ [რადიკალურმა ოპოზიციამ] ატეხეს ამბავი – კომუნისტურ ჩინეთთან და დიქტატორ სი ძინ პინთან როგორ გააფორმეთ სტრატეგიული ხელშეკრულებაო. მათი დღევანდელი პრეტენზია, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველო შანხაის ფორუმზე, ნიშნავს იმას, რომ არათუ პოლიტიკაში ვერ ერკვევიან, არამედ ელემენტარულად პრეტენზიის შინაარსიც არ იციან. ჭრელო პეპელას ეფექტია – ნურც გაფრინდები, ნურც – მოფრინდები. თუ სტრატეგიული ხელშეკრულება არ უნდათ, ახლა რატომ აქვთ პრეტენზია ჩინეთში ჩვენს არ ყოფნასთან დაკავშირებით და თუ ჩინეთთან უნდათ ნორმალური ურთიერთობა, მაშინ რატომ საყვედურობენ ხელისუფლებას სტრატეგიული ხელშეკრულება რომ გააფორმა ჩინეთთან?! ეს ის მარტივი კითხვებია, რომელზე პასუხიც არ აქვს ოპოზიციას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.