თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საწვავის ფასის დარეგულირების ერთადერთი გზა უკრაინაში ომის მალე დასრულებაა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საწვავის ფასის მატებასა და საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა, მას ესმის ადამიანების, რომელთაც პროტესტი აქვთ, რადგან ის მათი ოჯახებისთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს.
„საწვავის ფასის ზრდა ცხადია. ამის მიზეზები არსებობს. ეს არის ომი, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა, რაც ძალიან ცუდია. მესმის ადამიანების, ბენზინის ფასმა მოიმატა და გარკვეული პრობლემაა მათი ოჯახებისთვის. კერძოდ, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღე სჭირდება საწვავის შესყიდვა, მაგალითად ტაქსი. ეს გარკვეული ტვირთი იქნება მათი ოჯახებისთვის.
აღნიშნულ ვითარებაში გამოსავალი არის ერთი რამ – რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი, რომელიც სერიოზული პრობლემაა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, – ამბობს კალაძე.
ცნობისთვის, გუშინ თბილისში მოქალაქეებმა საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტებს და გმირთა მოედანზე აქცია გამართეს. შეკრებილებმა გარკვეული პერიოდით საავტომობილო გზა გადაკეტეს, შედეგად, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.