ავღანეთში ქალებს პარკებში დასვენება მხოლოდ კვირას, ორშაბათსა და სამშაბათს შეეძლებათ
ავღანეთში ქალები და კაცები პარკებში სხვადასხვა დღეს დაიშვებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება “თალიბანის” ე.წ. მთავრობამ მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას Aamaj News-ი სათნოების პროპაგანდის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი განკარგულებით, ქალებს დასვენების ადგილში შესვლა კვირას, ორშაბათსა და სამშაბათს შეეძლებათ, ხოლო მამაკაცებს – ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
ქალებს პარკებში „გართობა მხოლოდ ჰიჯაბის წესების დაცვით“ შეეძლებათ, ასევე, ევალებათ, „თავი შეიკავონ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისგან“.
მამაკაცებს ურჩევენ, დასვენების დღეებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამხედრო ფორმა და იარაღი არ ატარონ.
ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა პარკების ადმინისტრაციას დაეკისრება, “მსგავსი შემთხვევები გასაჩივრებას არ ექვემდებარება“.