კიმ ჩენ ინი: სარაკეტო პროგრამის განვითარებას და ცდებს გავაგრძელებთ

ჩრდილოეთ კორეა სარაკეტო პროგრამის განვითარებასა და სარაკეტო ცდებს გააგრძელებს.

როგორც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თქვა, “მხოლოდ ძლიერი დამრტყმელი ძალით და შეუჩერებელი, უმაღლესი სამხედრო პოტენციალით არის შესაძლებელი ომის თავიდან აცილება, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმპერიალისტების ყველა საფრთხის, შანტაჟის შეკავება და კონტროლი”.

ამის შესახებ მან რაკეტების ბოლო ცდებში მონაწილე ოფიციალური პირების, მეცნიერებისა და ტექნიკური პერსონალის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირობა დადო, რომ ფხენიანი გააგრძელებს სტრატეგიული ძალების გაძლიერებას.

24 მარტს ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა ახალი, ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რითაც 2018 წელს გამოცხადებული საკუთარი მორატორიუმი დაარღვია.

შეერთებულმა შტატებმა სარაკეტო ცდები მკაცრად დაგმო და ფხენიანს ახალი სანქციები დაუწესა. ასევე, კრიტიკით გამოვიდნენ სამხრეთ კორეა და იაპონია. მათ აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ასეთი ცდები გაერო-ს რეზოლუციებს არღვევს.

25 მარტს შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა ფხენიანის „მზარდი სახიფათო პროვოკაციების“ გამო. ამასთან, ჩინეთმა და რუსეთმა პირიქით, სადამსჯელო ზომების შემცირებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები