გია ცაგარეიშვილი: ალექსეი დანილოვის განცხადება არის პირდაპირი მოწოდება, საქართველო რაიმე ფორმით ჩაერთოს ომში, ჩვენ ვადგავართ მშვიდობის გზას და ამ გზაზე სიარულს გავაგრძელებთ

„ეს არის პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველო რაიმე ფორმით ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელ ომში, იმ უბედურებაში, რასაც პუტინის რუსეთი ატრიალებს უკრაინის ტერიტორიაზე”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას.

გია ცაგარეიშვილის თქმით, საქართველო მშვიდობის გზას ადგას.

„ეს არის პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველო რაიმე ფორმით ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელ ომში, იმ უბედურებაში, რასაც პუტინის რუსეთი ატრიალებს უკრაინის ტერიტორიაზე. ცოტა გასაკვირი განცხადებაა, მით უმეტეს პარტნიორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, რომელიც ანგარიშს უნდა უწევდეს ყოველ თავის ნათქვამს, მოსაზრებას. ამან ერთგვარად ხილული გახადა მცდელობა ძალიან ბევრი ადამიანისა, თუ პოლიტიკური ორგანიზაციისა, მათ შორის საქართველოში მიმართული იქითკენ, რომ ჩვენი ქვეყანა როგორმე ჩაერთოს ამ კონფლიქტში და ე.წ. მეორე ფრონტი გაიხსნას საქართველოში. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, მიუღებელი მოწოდება ჩვენთვის.

ჩვენ ვადგავართ მშვიდობის გზას და ამ გზაზე სიარულს გავაგრძელებთ, ამას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის გაცხადებული პოლიტიკა დღევანდელი ხელისუფლებისა. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ადამიანები გაღიზიანებული არიან ამგვარი პოლიტიკის განხორციელების გამო, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ მოგვიწოდებენ და გვიკიჟინებენ კიდევ იქითკენ, რომ საქართველო როგორმე ჩართოს თავის ტერიტორიებზე, თავის ქვეყანაში ომში.

ყველა კარგად ხვდება, ეს რისი მომტანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. 2012 წლიდან მოყოლებული, გაცხადებული პოლიტიკა არის, რომ ჩვენ ჩვენს ტერიტორიებს დავიბრუნებთ, მაგრამ იქნება მშვიდობიანი დაბრუნების პროცესი, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი იქნება. ბუნებრივია, არ იქნება მარტივი, მაგრამ არამც და არამც ჩვენ არ ვაპირებთ სამხედრო ოპერაციების გზით, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს. ეს არც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს არ დაეხმარება იმაში, რომ უკრაინაში დაისადგუროს გრძელვადიანმა მშვიდობამ, განიმუხტოს იქ მდგომარეობა. არა მგონია, საღად მოაზროვნე ადამიანის, თუ ის მტრად არ არის მოკიდებული ამ ქვეყანაზე, ინტერესებში შედიოდეს საქართველოს ომის ქარცეცხლში გახვევა. ხშირ შემთხვევაში თანხვედრაა ამგვარ განცხადებებში, ხშირ შემთხვევაში ვისმენ საქართველოში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ, თუმცა საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, საქართველო როგორმე ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, იმას კი ვერ ფიქრობენ, რა შეიძლება მოყვეს ამას. რაც ყველაზე მეტად ცინიკური და ამორალურია, მეგობარ ქვეყანაში წარმოებულ ომს, პუტინის მიერ გაჩაღებულ უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტვას იყენებენ თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის. ასე მოქმედებს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, ამ პარტიამ ზნე ვერაფრით შეიცვალა, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ხელისუფლების სათავეში მობრუნდნენ. ქვეყნის შიგნით არაფერი გამოუვიდათ, არც გამოუვათ არასოდეს, ახლა აპირებენ ამ უბედურების გადმოტანას საქართველოში და ამის ფონზე როგორმე ქვეყნის სათავეში მობრუნებას. ეს არის თვალში საცემი, მუდმივი გადაძახილი ურთიერთთან, მათ შორის იმ ჩინოვნიკებისა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საქართველოში იყვნენ და არიან ძებნილები და თავს აფარებენ უკრაინას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა: „დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები