ირაკლი შოთაძე: მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მისი ყველა უფლება დაცულია

სამართლებრივად შემიძლია, გიპასუხოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი. ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მსგავს ხარჯს გასწევს, არამიზნობრივად გახარჯავს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, რა თქმა უნდა, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და მოუწევს პასუხისგება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება დაცულია.

“დადასტურებული ფაქტია, რომ მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებაზე, მათ შორის, მისი მეგობრების ტაილანდის ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენებაზე, ასევე, დაიხარჯა კოსმეტიკურ პროცედურებზე, მისი კულინარიული ფანტაზიის დაკმაყოფილებაზე, როდესაც მზარეულები უცხოეთიდან ჩამოჰყავდა და ამაზეა საუბარი. ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მსგავს ხარჯს გასწევს, არამიზნობრივად გახარჯავს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, რა თქმა უნდა, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და მოუწევს პასუხისგება.

სამართლებრივად შემიძლია, გიპასუხოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი. რაც შეეხება მისი გადაყვანის საკითხს და მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ჩადენის შესაძლო ფაქტს, ამ საკითხზე გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს, მთელი რიგი ექსპერტიზაა დანიშნული, ჩატარებულია საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და კიდევ ბევრია ჩასატარებელი. მას შემდეგ, რაც ამოიწურება ეს საგამოძიებო მოქმედებები, ყველა ამ ქმედებას პროკურატურა სამართლებრივ შეფასებას მისცემს და საზოგადოება ამის შესახებ აუცილებლად შეიტყობს. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება არის დაცული“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები