რუსული მედიის ინფორმაციით, ორკვირიანი გაუჩინარების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი – სერგეი შოიგუ საზოგადოების წინაშე წარდგა.
გამოცემა RIA-ს კრემლის კორესპონდენტებმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს, რომელშიც ვლადიმერ პუტინის რუსეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, მათ შორის, რუსეთის თავდაცვის მინისტრთან საუბარია აღბეჭდილი.
ჩანაწერს მედიასაშუალება უხმოდ ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, მონიტორის ზედა მარჯვენა კუთხეში სერგეი შოიგუა.
შეგახსენებთ, რუსმა ჟურნალისტებმა სერგეი შოიგუს სავარაუდო გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელეს, რაც მისი ბოლო საჯარო გამოსვლიდან 10 დღეზე მეტი გავიდა. ამასთან, გავრცელდა მოსაზრებაც, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სავარაუდოდ, გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და გამოჩენას თავს სწორედ ამიტომ არიდებს.