პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი: დღეს აქ ვარ იმისათვის, რომ მოგისმინოთ და ვისწავლო თქვენგან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის G-HIP პროექტის მხარდაჭერით, საქართველოში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სეს ავრცელებს.
მათივე ცნობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ და მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა გრეგ კრავჩუკს საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის შედეგები და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.
„შთამბეჭდავია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიღებული შედეგი. დღეს აქ ვარ იმისათვის, რომ მოგისმინოთ და ვისწავლო თქვენგან”,- განაცხადა გრეგ კრავჩუკმა შეხვედრაზე.
ვიზიტის ფარგლებში, გრეგ კრავჩუკი დასავლეთ საქართველოში ჩავა და მეთხილე ფერმერებს შეხვდება. გრეგ კრავჩუკი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში აზიური ფაროსანას საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებისას, 2016 წლის ბოლოს ჩამოვიდა. მან ქართველ სპეციალისტებს მავნებელთან ბრძოლის ამერიკის შეერთებული შტატებში არსებული მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა, ამ გამოცდილების გათვალისწინებით, მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავეს ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა და სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმის შესაბამისად, 2017 წლიდან გატარებული მასშტაბური, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, საქართველომ უმოკლეს პერიოდში შეძლო მავნებლის რაოდენობის შემცირება და მისი პოპულაციის კონტროლი, რასაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები სამაგალითოდ აღიარებენ. სურსათის ეროვნული სააგენტო, USAID-ის დაფინანსებული პროექტების მხარდაჭერით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მასშტაბურ ღონისძიებებს 2017 წლიდან ახორციელებს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.