გარკვეულწილად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცოცხალ ძალაში უპირატესობა გააჩნიათ, – ამის შესახებ უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაისაიამ უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
„1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო. დღეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო შენაერთების და სამხედრო პერსონალის კუთხით თანაფარდობა, ფაქტობრივად, თანაბარია. გარკვეულწილად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ცოცხალ ძალაში უპირატესობა გააჩნიათ იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, ფაქტობრივად, მოუმზადებელი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მათ მოვლენების განვითარება შემედეგი სცენარით ჰქონდათ დაგეგმილი: სავარაუდოდ, ეს შეტევის სამხედრო სტრატეგიის ბლიცკრიგის ფორმატში განხორციელება იყო, რომელიც მაქსიმუმ 2-3 კვირის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს საომარი მოქმედებების მესამე დღეს მოუწია, საბრძოლო მოქმედებების გრაფიკი შეეცვალა, აქ ასევე კიევის მიმართულება წამოვიდა. უნდოდათ, სამხრეთ უკრაინის მიმართულებით გასულიყვნენ. რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ტერიტორიის დაკავებას აპირებდნენ, გარკვეულწილად, ცოტა მოგვიანებით, ანუ, როგორც ჩანს, მეორე ფაზის განვითარების შემთხვევაში. რუსეთის საოკუპაციო ჯარების სარდლობისთვის სიტუაცია არასასურველის სცენარის განვითარების კუთხით შეიცვალა. ეს ჩანს კიდევაც. გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კიევის საბრძოლო მოქმედებების ზონაში კონტრშეტევაზე გადავიდნენ. საოკუპაციო შეიარაღებული ძალების, ასეთი ტერმინია, სერიოზული დაფლეთვა მოახდინეს. ფაქტობრივად, ქალაქ ბორისპოლის და აეროპორტის დებლოკირება შეძლეს, რომლის დაკავებასაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევდნენ. ბუნებრივია, ეს უკრაინის დედაქალაქისთვის საკმაოდ სერიოზული საფრთხე იქნებოდა“, – განაცხადა მაისაიამ.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალების მდგომარეობა სამხრეთ -აღმოსავლეთ მიმართულებით არცთუ ისე სახარბიელოა.
„მიუხედავად ამისა, სამწუხარო მომენტი ისაა, რომ ამ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებულ ძალების მდგომარეობა სამხრეთ -აღმოსავლეთ მიმართულებით არცთუ ისე სახარბიელოა. ესაა ძირითადი ბრძოლები მარიუპოლის მიმართულებით. თუმცაღა, მიუხედავად რუსეთის საოკუპაციო შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებისა, რომ მათ მარიუპოლის ალყაში მოქცევა შეძლეს, ჯერჯერობით, მარიუპოლის 3 ცენტრალური რაიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელში რჩება, ასევე, ე.წ. სამრეწველო ზონა. ეს აზოვსტალის ქიმიურ-მეტალურგიული ქარხნების მთელი გაერთიანება, რომელცი ქიმიური შენაერთებისა და მეტალურგიული პროდუქციის მთავარი ექსპორტიორია.
რუსეთის საოკუპაციო ჯარები კვლავ ავითარებენ შეტევას იმისათვის, რომ განსაკუთრებით უკრაინული
„მანერჰეიმის ხაზი“ გაარღვიონ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასის მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საკმაოდ სერიოზული ე.წ. „მანერჰეიმის ხაზი“ შექმნეს. აქაა 3 ეშელონიზირებული ზღუდე. ბოლო მონაცემებით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა მხოლოდ პირველი ეშელონიზირებული კარი გაარღვიეს. კიდევ 2 კარი აქვთ გასარღვევი. აქედანაც ჩანს, ამ მიმართულებით საბრძოლო მოქმედებები როგორ დინამიკაშია“, – განაცხადა მაისაიამ.
მისივე თქმით, რუს ოკუპანტებს ოპერატიული პაუზა აქვთ აღებული, რადგან, როგორც ჩანს, რუსებს სჭირდებათ, თავიანთი დანაკარგები შეავსონ.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოპერატიული პაუზა შეიძლება, დაახლოებით, 2-3 დღის განმავლობაში გაგრძელდეს, შემდეგ კი საომარი მოქმედებების დინამიკის გაზრდაა მოსალოდნელი.
„ნიკოლაევი, რომელიც გასაჭრელად მთავარი გზაა არა მარტო ოდესის, არამედ ე.წ დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის მიმართულებით, რუსეთს სჭირდება იმისათვის, რომ მოლდოვის რესპუბლიკას დამატებით სამხედრო საფრთხე შეუქმნას, რათა მასზე პირდაპირი სამხედრო-პოლიტიკური ზეგავლენა იქონიოს. რუსეთის საოკუპაციო ჯარების მთავარი იდეაა, რომ ნიკოლაევი – ოდესის მიმართულება გაარღვიონ, სურთ გავიდნენ საოპერაციო – სტრატეგიული ხაზის მიმართულებით, საუბარია დნესტრისპირეთის მიმართულებაზე. ბოლო მონაცემებით, რუს საოკუპაციო ძალებს აქაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვთ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ოპერატიული პაუზაა აღებული, როგორც ჩანს, რუსებს სჭირდებათ, თავიანთი დანაკარგები შეავსონ, ასევე შეავსონ საწვავ-საპოხი მასალა და სამხედრო ტექნიკის გადასროლა და გადაჯგუფება მოახდინონ. ასევე სჭირდებათ, განისაზღვროს კონკრეტული შეტევის მიმართულებები. ალბათ, რუსები ისევ დონბასის მიმართულებას აირჩევენ, რათა 65 000-იანი საარმიო ჯგუფი ბლოკადაში მოაქციონ. ეს ოპერატიული პაუზა, შეიძლება, დაახლოებით, 2-3 დღის განმავლობაში გაგრძელდეს. შემდეგ საომარი მოქმედებების დინამიკის გაზრდას უნდა ველოდოთ.
დღეს დილით უკრაინის სადაზვერვო- დივერსიულმა ჯგუფებმა საკმაოდ წარმატებული ოპერაცია შეასრულეს, სადესანტო დიდი კატერი „ორსკი“ ჩაძირეს, ასევე საწვავ-საპოხი მასალების შესანახი ადგილები ააფეთქეს. ამით სერიოზული ზიანი მიაყენეს იმ გეგმებსაც, რაც მე წარმოგიდგინეთ. ასეთია ზოგადი სიტუაცია.
ასევე მინდა, მოგიყვანოთ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები. ის რუსეთის სოციოლოგიური კვლევების ცენტრმა ჩაატარა. ამ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 74 % პუტინის მიერ უკრაინის ოკუპაციას მხარს უჭერს. წინააღმდეგია 17 % და 9 %-ს პასუხის გაცემა უჭირს. ყველაზე საინტერესო მომენტი რა არის: ამ სოციოლოგიურ კვლევებში ჩანს, კრემლის პროპაგანდისტული მანქანა რამდენად მოქმედებს. გამოკითხულთა 46 %-ს ჩადებული აქვს ასეთი იდეა, რომ რუსეთი უკრაინის დემილიტარიზაციას ახორციელებს და საშუალებას არ აძლევს, ამ ტერიტორიაზე ნატო-მ თავის სამხედრო ბაზები განალაგოს“, – განაცხადა მაისაიამ.