ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ თავდაცვის უწყებაში შეხვედრები გამართა

საქართველოში ვიზიტით დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე იმყოფება. დღეს დევიდ კატლერს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ნატო-ს წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, არსებული საფრთხეები და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება განიხილეს.

მხარეებმა რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები. აღსანიშნავია, რომ ხვალ დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე უწყებათშორისი ჯგუფის წევრებს შეხვდება, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები