EBRD-სთან მიღწეული შეთანხმებით, ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და ქობულეთის ნარჩენების მართვის ობიექტის აღჭურვა განხორციელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. EBRD-სთან შეთანხმების ფარგლებში, 28 მილიონი ევროთი დაფინანსდება ცეცხლაურის ნაგავსაყრელის ტექნიკით აღჭურვა. ამასთანავე მოხდება ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და შუალედური გადამცლელი სადგურის მშენებლობა.

შეხვედრის შემდეგ KFW-ს და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებმა ქობულეთში, ცეცხლაურის ნაგავსაყრელი დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს მისი ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. პარალელურად ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის კონსერვაცია ხორციელდება.

მყარი ნარჩენების მართვის პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მიერ გამოიყოფა, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ ფინანსდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები