ოთარ გრიგოლია – „ჩვენ, ქართველები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში“
„ჩვენ, ქართველები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. მინდა, გამძლეობა ვუსურვო მებრძოლ უკრაინელ ხალხს და მებრძოლ ქართველ ხალხს. დიდება უკრაინას!“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 42-ე პლენარულ სესიაზე კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ონლაინ ჩართვის შემდეგ განაცხადა.
სესიის მონაწილეებს ვიტალი კლიჩკომ და უკრაინის დელეგაციის წევრებმა მიმართეს. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, საქართველოს დელეგაცია კონგრესში, უკრაინის სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი. მისივე თქმით, აღსანიშნავია წევრი სახელმწიფოების ძლიერი და მტკიცე პოზიციები ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შესახებ, რაც პასუხად მოყვა ჩვენს კონტინენტზე გაჩაღებულ ომს.
„კონგრესმა უნდა გააგრძელოს ამ ორგანიზაციის ძირითადი ღირებულებების მხარდაჭერა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ყველა საჭირო მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინელ ხალხს. მინდა ასევე აღვნიშნო აგრესორის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების განგრძობადი ერთიანობა, შეუპოვრობა და თანმიმდევრული პოზიცია. ჩვენ, ქართველებს ძალიან კარგად გვესმის აგრესიითა და ოკუპაციით, ცეცხლში გახვეული ქალაქებით, სამოქალაქო მსხვერპლით, იძულებითი დევნილობითა და ადამიანური ტანჯვით გამოწვეული ტკივილი. საქართველო უკვე დიდი ხანია განიცდის აგრესიას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც ყველა საერთაშორისო ვალდებულების დარღვევით ხორციელდება.“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ გაიხსენა 2019 წელი, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს რამდენიმე წევრ სახელმწიფოსთან ერთად შეეწინააღმდეგა ორგანიზაციის წესებში ცვლილებებს, რომელმაც საშუალება მისცა რუსეთის ფედერაციას კვლავ დაბრუნებულიყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, იმ პირობებში, როდესაც ის იყო ქვეყანა, რომელმაც ყირიმის ანექსია მოახდინა.
პლენარული სესიის ამავე ნაწილში, საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა კონგრესის მიერ ერთსულოვნად მიღებულ დეკლარაციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომის შესახებ. დეკლარაციაში მკაცრად არის დაგმობილი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი. კონგრესი რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ და უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიასა და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარებას, ასევე, გმობს მის მცდელობებს უკრაინის ხერსონის რეგიონის ასეთივე უკანონო ერთეულად გამოყოფის შესახებ. კონგრესი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის დემოკრატიის იმ პრინციპებსა და ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე თავდასხმა, რომელსაც იცავს და ავითარებს ევროპის საბჭო.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დემოკრატია, მრავალდონიანი მმართველობა და ადამიანის უფლებები ომზე ძლიერი ღირებულებებია; კონგრესი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით და ევროპისა და არამხოლოდ ევროპის ყველა ადგილობრივი და რეგიონული დონის თემს უკრაინის, მისი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ ურყევი სოლიდარობისკენ და მტკიცე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.