თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ალექსანდრე ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და საფრთხეები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ამ ფონზე, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, შავი ზღვის რეგიონში ნატოს როლის გაძლიერებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის მნიშვნელობა აღნიშნეს.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის უწყება განაგრძობს ნატო-საქართველოს არსებული თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმებისა და ფორმატების განხორციელებას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა ალიანსის წინაშე ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს სათანადოდ ასრულებს.
ალექსანდრე ვინიკოვი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად 2022 წელს დაინიშნა. მან აღნიშნულ პოზიციაზე როზარია პუგლისი შეცვალა.