ანრი ოხანაშვილი: ნეიტრალიტეტის საკითხის შემოტანა არის საქართველოს მტრების სასარგებლო დღის წესრიგის შექმნა
“ნეიტრალიტეტის საკითხის შემოტანა არის საქართველოს მტრების სასარგებლო დღის წესრიგის შექმნა. ჩვენ ამას არ ავყვებით”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის საუბარი საზოგადოების კონსოლიდაციაზე, ლიტონი სიტყვებია.
„ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ, ერთი მხრივ, ოპოზიციური ჯგუფების ნაწილი, მათ შორის „ნაცმოძრაობა“ საუბრობს საზოგადოების კონსოლიდაციაზე, თუმცა ეს არის ლიტონი სიტყვები. მეორე მხრივ, ისინი საკუთარი სიტყვების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ისინი ყველანაირად ცდილობენ, გეოპოლიტიკური ვითარების პირობებშიც კი მოახდინონ ხელისუფლების დისკრედიტაცია. ცდილობენ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ დასავლელ პარტნიორებს, ავრცელებენ ჩვენს საზოგადოებაში დეზინფორმაციას, თითქოს პარლამენტის განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საჯარო სკოლებში რუსული ენის სწავლების საკითხს. ისინი ცილს სწამებენ ჩვენს გუნდს, თითქოს არასათანადო მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ა.შ. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტებია. ნეიტრალიტეტის საკითხი არის მორიგი სპეკულაცია და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამას თავისი სახელი არ დავარქვათ. ეს არის პირდაპირ ქვეყნის მტრობა. უკრაინაში მიმდინარეობს რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ჩვენ გვესმის მთელი რიგი გზავნილები საერთაშორისო დონეზე, მიმდინარეობს ძალიან მგრძნობიარე საკითხების განხილვა. ამ კონტექსტში, როდესაც ჩვენ მაქსიმალური სიფხიზლე, მაქსიმალური გონიერება და სწორი ნაბიჯების გადადგმა გვევალება, ნებისმიერი ასეთი საკითხის წამოჭრა, არის მომეტებული რისკი და საფრთხე საქართველოს ინტერესებისთვის. როცა ეს საკითხი არ ექვემდებარება განხილვას და კონკრეტული რადიკალური ჯგუფის ბელადი, მსჯავრდებული სააკაშვილი ამაზე საუბრობს და ამას მოჰყვება ამ საკითხების გაშლა, ეს არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. ნეიტრალიტეტის საკითხის შემოტანა არის საქართველოს მტრების სასარგებლო დღის წესრიგის შექმნა. ჩვენ ამას არ ავყვებით. სტაბილურობის შენარჩუნება, ტერიტორიულ მთლიანობაზე ზრუნვა და ომის არ დაშვება – ეს არის ჩვენი ამოცანა“, – აცხადებს ოხანაშვილი.