„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ” კანონში ცვლილებით აღმოიფხვრება ნორმათა არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საფრთხე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

პარლამენტის ინფორმაციით, პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ ცვლილება ითვალისწინებს კანონში მოცემული ტერმინის „მშენებლობის დაწყების” განმარტებას და შესაბამისი დაზუსტების შეტანას. კერძოდ, კანონის მიხედვით ინვესტორი ან/და კონტრაქტორი, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე აშენებს ოლიმპიურ სოფელს და ოლიმპიადის ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს, ამავე კანონით გათვალისწინებული გადასახადებისაგან თავისუფლდებიან მშენებლობის დაწყებიდან განსაზღვრული ვადის განმავლობაში (5 ან 10 წელი).

შეთავაზებული ცვლილებით განიმარტა „მშენებლობის დაწყების” ტერმინი, რაც საგადასახადო შეღავათებით სარგებლობასთან დაკავშირებით პრაქტიკაში შესაძლო ბუნდოვანებას და ნორმათა არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას აღმოფხვრის. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს. კომიტეტმა განიხილა მაგრამ მიზანშეუწონლად არ მიიჩნია საქართველოს მოქალაქე ლაშა ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება – „გარე ვაჭრობის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

ინიციატორის თქმით, დოკუმენტმა უნდა დაარეგულიროს გარე (ქუჩის) ვაჭრობის წარმოების წესები. კომიტეტის თავმჯდომარემ მომხსენებელს გააცნო კომიტეტის პოზიცია და აღნიშნა, რომ არსებობს მთელი რიგი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც არეგულირებენ აღნიშნულ საკითხს. „მათ შორის 2014 წელს მიღებული საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 16-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრების და ბაზრობების რეგულირება. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მუნიციპალიტეტს მინიჭებული აქვს სრული და ექსკლუზიური უფლებამოსილება დაარეგულიროს გარე ვაჭრობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. იგივე საკითხები დარეგულირებულია ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა. აქედან გამომდინარე კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები