პარლამენტში აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ორი ანგარიში განიხილეს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ორი ანგარიში განიხილა.
პარლამენტის ინფორმაციით, ერთი ანგარიში შეეხებოდა სახელმწიფოს მიერ 2017-2019 წლებში გაცემული გრანტების ეფექტიანობას, ხოლო მეორე – საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობას.
სახელმწიფოს მიერ 2017-2019 წლებში გაცემული გრანტების ეფექტიანობის ანგარიშზე საუბრისას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კეკელიშვილმა განაცხადა, რომ აუდიტის ობიექტს 8 იურიდიული პირი წარმოადგენდა. ესენია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, განათლების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, „აწარმოე საქართველოში”, ახალგაზრდობის სააგენტო და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.
მომხსენებლის თქმით, აუდიტის პროცესში გამოვლენილი მიგნებები უკავშირდება: არასათანადოდ განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს, საგრანტო პროექტების დაგეგმვის ნაკლოვანებებს, საგრანტო პირობების მკაფიო განსაზღვრის ნაკლოვანებებს, გრანტების გაცემის პროცესის არასათანადო გამჭვირვალობას, გრანტის ათვისებისა და მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგის პროცესის ნაკლოვანებებს და ამ მონიტორინგის შედეგებზე რეაგირების ხარვეზებს, ასევე, პრევენციული ხასიათის კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებს და გაცემული გრანტებით მიღწეული შედეგების შეფასებას. გიორგი კეკელიშვილის განცხადებით, აღნიშნულ მიგნებებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა რვა რეკომენდაცია გასცა. საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში სხდომის მონაწილეებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კაპანაძემ გააცნო. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2017 – 2019 წლებს და აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ: საჯარო სამსახურის ბიურო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აუდიტის სამსახურმა ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობა შეისწავლა შემდეგი სამი მიმართულებით და გამოვლენილი ნაკლოვანებები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საჯარო სექტორის საზღვრები და ადამიანური რესურსების აღრიცხვა, ადამიანური რესურსების დაგეგმვა და დაკომპლექტება, ასევე, საჯარო სამსახურის ბიუროს აქტივობები.
გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა 5 რეკომენდაცია გასცა. სხდომაზე, აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე მსჯელობა გაიმართა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. „მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური და სხვადასხვა უწყებები თანამშრომლობენ. გაცემული რეკომენდაციები მაქსიმალურად უნდა იყოს შესრულებული და ჩვენ ამ საკითხს, აუდიტის სამსახურთან ერთად, გავაკონტროლებთ”, – განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა კვიჟინაძემ.