მამუკა მდინარაძე: „გორბის“ კვლევის ყველა პუნქტი ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ემხრობა „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით
“გორბის“ კვლევის ყველა მუხლი და პუნქტი ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ემხრობა „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და რომ ჩვენი პოლიტიკა არის სწორი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილიც კი, დღეს საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას მხარს უჭერს.
„ეს მონაცემები მნიშვნელოვნად აღემატება „ქართული ოცნების“ პარტიული მხარდაჭერის მონაცემებს. თუ ამ ქვეყანაში, დავუშვათ, დაახლოებით ყოველი მეორე მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, გაცილებით მეტია დღეს მოცემულ სიტუაციაში ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დღეს, ჩვენ მიერ წარმოებულ პოლიტიკას მხარს უჭერენ, მათ შორის, ომის არდაშვების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და ა.შ.
ჩაშლილ კვლევაში ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილიც კი დღეს, ამ სიტუაციაში მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, რუსეთის აგრესიასთან და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.