მამუკა მდინარაძე: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად თავის ქვეყანაში ჰიბრიდული ომის წარმოებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას

“საქართველო კვლავ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად თავის ქვეყანაში ჰიბრიდული ომის წარმოებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას და მის ხელისუფლებას”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

“პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, ჩვენი სოლიდარობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს! საქართველო განაგრძობს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე. ასევე გრძელდება ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ღია აგრესიისა და საომარი ქმედებების პარალელურად, საქართველოში ომის პარტია და მისი დანაყოფები აგრძელებენ საინფორმაციო, ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო კვლავ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად თავის ქვეყანაში ჰიბრიდული ომის წარმოებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას და მის ხელისუფლებას.

ალბათ ყველას გახსოვთ ცრუ ინფორმაციების კასკადი და ომში ჩართვის რეგულარული მცდელობები მათი მხრიდან, რასაც ბოლო დღეებში ახალი, ჰაერიდან მოტანილი ტყუილები დაემატა. მაგალითად: საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს დააბრალეს, თითქოს საჯარო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენა ხდება, ასევე მოიგონეს თითქოს ბათუმში იხსნება რუსული სკოლა, თითქოს პარლამენტში განსახილველად შედის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები, რაც მათივე შექმნილი ფეიკის მიხედვით საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებას უკავშირდება; თქვეს რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა; საუბრობდნენ ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სასწრაფო წესით დაწყებაზე და ა.შ. ეს არის მათი მავნებლობების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი. ყველა მათგანი აბსოლუტურად საზოგადოებაში მღელვარების გამოსაწვევად შექმნილი მათივე მოგონილი ამბავია!”,- განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები