უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი მოხარულია, რომ რუსეთის ფედერაციამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. ჟურნალისტმა შესაბამისი მიმართვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„როგორი უჩვეულო მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში! ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ეს ნიშნავს იმას, რომ პატიოსნად ვასრულებ ჩემს სამოქალაქო და ადამიანურ მოვალეობას“, – აცხადებს გორდონი.
ვიდეომიმართვაში გორდონმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარები უკრაინის ქალაქების დაბომბვას და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას განაგრძობენ.
ჟურნალისტმა ასევე განაცხადა, რომ არავის არ ემალება, არავისი არ ეშინია და ღიად აცხადებს, რომ კიევში, საკუთარ სახლში იმყოფება.
გარდა ამისა, გორდონმა პირადად მიმართა ვლადიმერ პუტინსაც, რომელმაც, მისი აზრით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა პირადად ბრძანა.
“ვერც უკრაინას ვერ შეაშინებთ და ვერც მე. პუტინო, მე არ ვარ კრიმინალი, ეს შენ ხარ ნაცისტი დამნაშავე!”, – განაცხადა ჟურნალისტმა და დასძინა, რომ რუს დიქტატორს ისეთივე ბედი ელის, როგორც ნაცისტებს ომის შემდეგ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით აღძრა. გორდონს ბრალად ედება ომის დაწყების საჯარო მოწოდებები, ეროვნების საფუძველზე სიძულვილის გაღვივება და რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ ცრუ ინფორმაციის საჯარო გავრცელება.