არჩილ თალაკვაძე: საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრული აქვს მტკიცედ, ხელისუფლება და საზოგადოება ამაში ერთიანია
“საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრული აქვს მტკიცედ და ხელისუფლება და საზოგადოება ამაში ერთიანია”, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვას, რა იქნება საქართველოს პასუხი იმ შემთხვევაში, თუკი სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხი ქვეყნის წინაშე დადგება.
“თუ დასავლეთი და საერთაშორისო პარტნიორები შეიმუშავებენ უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს სამომავლოდ, უკრაინის მშვიდობიანი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რასაკვირველია, უსაფრთხოების ასეთი დამატებითი გარანტიები საჭირო იქნება საქართველოსთვის. ჩვენ მზად ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ ნებისმიერ ფორმატში, თუ რისი გაკეთება შეიძლება დამატებით, რომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების დამატებითი გრძელვადიანი გარანტიები”, – განაცხადა თალაკვაძემ.