მიხეილ სააკაშვილი: ყველაზე სწორი იქნება, თუ საქართველოს სრული დეოკუპაციისა და 2008 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულების შესახებ მოთხოვნას დავაყენებთ
“მივმართავ საქართველოს პროდასავლურ ოპოზიციას. ვფიქრობ, მთავრობის შეგნებული და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი უმოქმედობის ფონზე, ყველაზე სწორი იქნება, თუ საქართველოს სრული დეოკუპაციისა და 2008 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულების შესახებ მოთხოვნას დავაყენებთ”, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი.
“ეს უკვე გააკეთა მოლდოვამ და სრულიად ცხადია, ეს ინიციატივა დასავლეთთან შეუთანხმებელი ვერ და არ იქნებოდა. ამას მოელიან ჩვენგან უკრაინელები და საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს ნაწილობრივ მაინც გადაარჩენდა საქართველოს რეპუტაციას და მყარ საფუძველს შექმნიდა ეროვნული თანხმობის მთავრობისთვის და, მკაფიოდ წარმოაჩენდა ქართველი ხალხის ურყევ და უალტერნატივო ნებას, იყოს დასავლური ოჯახის წევრი.
ამ მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დამატებითი დღე, სასიკვდილო საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. მხოლოდ დასავლურ ოპოზიციას, კარგად გააზრებული და აწონდაწონილი, მაგრამ, ამავე დროს, გამბედავი და მკაფიო მოქმედებით, შეუძლია იხსნას ჩვენი სამშობლო სრული კატასტროფისგან!”, – წერია მიმართვაში.