საკომიტეტო მოსმენაზე სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ განმარტა, რომ საქმე ეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან სივრცითი და ქალაქმშენებლობითი მიმართულების გადატანას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

„მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ის ფუნქციონირებს როგორც დეპარტამენტი. მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სივრცითი დაგეგმარების მიმართულება და ქალაქმშენებლობითი განვითარება გაძლიერდეს, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ ინვესტიციების განხორციელების და მშენებლობის სწორად დაგეგმარების კუთხით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მიმართულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქოლგის ქვეშ წარმოდგენილი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. 2023 წლიდან ეს ცვლილება გათვალისწინებული იქნება ახალ ბიუჯეტში და შესაძლებელი იქნება მისი სტრუქტურული გაძლიერება“, – განაცხადა ნინო ენუქიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის თქმით, სივრცითი დაგეგმარება არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა, ამიტომ კომიტეტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს, თუმცა არსებობს შენიშვნები, რომლებიც ინიციატორებს წერილობით გადაეგზავნებათ შემდეგი განხილვისთვის გასათვალისწინებლად.

ამ დათქმით კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები