პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 66-ე სესიაზე საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ძირითად მიღწევებზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა სტატუსის კომისიის 66-ე სესიის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგში.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციიტ, ნიკო თათულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ძირითად მიღწევებზე, მიღებულ ზომებსა და განხორციელებულ აქტივობებზე; ასევე, ისაუბრა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის ძირითადი ტენდენციების შესახებ ცვალებად სამუშაო გარემო პირობებში. მან მიმოიხილა შემუშავებული და განხორციელებული მიზნობრივი სახელმწიფო პოლიტიკა, პროგრამები და აქტივობები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ დანერგილი კონკრეტული ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა; სხვადასხვა პროფესიის ქალებისთვის ტრენინგების, განათლებისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა; ქალთა მხარდაჭერა ქალაქებსა და სოფლებში დასაქმებისა და სამუშაოს ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა; ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობა; ტექნოლოგიური და ციფრული ცვლილებების გამოყენება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის და საქართველოს მიერ COVID 19-ის დროს გატარებული ზომები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.
პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ საქართველოში, როგორც საკანონმდებლო, პოლიტიკურ და სოციალურ დონეზე, ისე ჯანდაცვის, ეკონომიკური გაძლიერების, ძალადობასთან ბრძოლისა და განათლების მისაწვდომობის მიმართულებით, ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა პრიორიტეტული საკითხებია, რაც განპირობებულია პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის, სტამბოლის კონვენციის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და ასევე სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს (ECOSOC) ქალთა სტატუსის კომისია (CSW) წარმოადგენს გლობალურ მთავრობათაშორის ორგანოს, რომელიც ექსკლუზიურად მუშაობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით. იგი ასევე ახორციელებს პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის პროგრესის მონიტორინგს, ასევე გაეროს აქტივობებში გენდერული პერსპექტივის დანერგვისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
კომისია ყოველწლიურად ორკვირიან სესიას მართავს, რომლის განმავლობაშიც გაეროს წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები იკრიბებიან გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში. კომისია, როგორც წესი, ამტკიცებს მრავალწლიან სამუშაო პროგრამას, რომლის ფარგლებში ხდება სახელმწიფოთა მიერ მიღწეული პროგრესისა და კარგი პრაქტიკების განხილვა და ძირითადი გამოწვევების გამოკვეთა.
კომისიის 66-ე სესია 2022 წლის 14-25 მარტს იმართება. 2022 წელს განსახილველი პრიორიტეტული თემაა გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას გაძლიერება კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი და კატასტროფების რისკის შემცირების პოლიტიკისა და პროგრამების განვითარების და მათში ეფექტური მონაწილეობის მიმართულებით.