სარჯველაძე – სააკაშვილზე: ეს მისი კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობაა, რომ რაღაცნაირად დამუხტოს საკუთარი მომხრეები არც თუ კარგი საქმეებისთვის
არ ვიცი, რაზე დაყრდნობით საუბრობს, მაგრამ მგონი, ეს კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობაა, რომ რაღაცნაირად დამუხტოს საკუთარი პოლიტიკური მომხრეები არც თუ კარგი საქმეებისთვის, რაც არ მგონია, სწორი გათვლები იყოს, – განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ მიმართვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სააკაშვილის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა იმის, რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, ვინც ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილით არიან შეპყრობილები.
“ეს არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება იმის, რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, ვინც ძალაუფლების და ხელისუფლებაში ყოფნის დაუოკებელი წყურვილით არიან შეპყრობილები. მათ არაფერი საერთო არ აქვთ სწორ პოლიტიკურ დემოკრატიულ პროცესებთან, ასეთია მათი ბუნება, ამაში ახალი არაფერია და იგივე ოპერის გაგრძელებაა”, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე პატიმარმა სააკაშვილმა განაცხადა: ”მე მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლებას, თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, ამ ხედვით დარჩა, მაქსიმუმ თვე-ნახევარი. ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის შეიძლება, იყვნენ წარმომადგენლები “ქართული ოცნებიდანაც”, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები”.