კონფლიქტოლოგი: მგონია, რომ დასავლეთი უკრაინის ხელითვე შეეცდება რუსეთის დამარცხებას

“მგონია, რომ დასავლეთი უკრაინის ხელითვე შეეცდება რუსეთის დამარცხებას, ანუ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის იმგვარად გასაძლიერებლად, რომ მან მანამდე შეძლოს მტკიცედ დგომა, ვიდრე პუტინი იძულებული არ გახდება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, თანაც – გაცილებით რეალისტური პირობებით”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგი, გიორგი კანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რუსეთი სადამდეა წამსვლელი.

“დაახლოებით 10 დღეა, გვესმის რუსეთის ლაპარაკი სავარაუდო ფართომასშტაბიან შეტევაზე, თუმცა, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს მოსალოდნელიც იყო იმ მედგარი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, რასაც უკრაინისგან ვხედავთ. ამავდროულად, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე მართლაც ხდებოდა რუსული შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება. როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი გაცილებით ნაკლებ წინააღმდეგობას ელოდნენ და ახლა გადაწყობას ცდილობენ. ბოლო ხანს გამოიკვეთა, რომ ოკუპანტების მეტი კონცენტრაცია ხდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც წნეხი იზრდება.

ეს სახიფათოა, რადგან ხერსონის დაკავებით უკრაინელებისთვის აზოვის ზღვაზე გასავლელი ჩაიკეტა, ურთულესია მდგომარეობა მარიუპოლში. ვნახოთ, რამდენ ხანს გაუძლებს ეს ქალაქი. ამასთანავე, არის ობიექტური საფრთხე, რომ რუსებმა ალყაში მოაქციონ უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის ჯარი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დონბასში ომობდა და ყველაზე კარგად არის მომზადებული. საფრთხე არსებობს, თუმცა ეს ჯერჯერობით არავითარი დასკვნის საშუალებას არ იძლევა. აქამდეც ვცდილობდი, ზოგიერთი სამხედრო თუ პოლიტიკური ექსპერტისგან განსხვავებით, ობიექტური ვყოფილიყავი რუსული არმიის შეფასებისას, არადა, გვესმოდა განცხადებები, რომ ის ორ-სამ დღეში ჩამოიქცეოდა, ეკონომიკა დეფოლტის პირას იდგა და ა.შ., მაგრამ ასე იოლად საქმე ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, სწორედ ამის დემონსტრირებისთვის გამართა კრემლმა ის ცნობილი კონცერტი მოსკოვში, სტადიონზე, იმის საჩვენებლად, რომ პუტინის რეჟიმს ქვეყანაში მხარს უჭერენ და ისინი უკან დახევას არ აპირებენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო მოლაპარაკებებისას, მოლოდინი, თითქოს რუსები რაღაცის დათმობას აპირებენ, თავად გააჩინეს, როდესაც თავდაპირველი მოთხოვნებიდან ნაწილი აღარ ახსენეს. რიტორიკა თითქოს შეცვლილი იყო, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ რუსეთის საქმე ცუდად იყო. ამ ქვეყნის საქმე მართლაც ცუდად არის, მაგრამ მის დასუსტებას როდის მოჰყვება რეალურად შედეგი, ამის განსაზღვრა ჯერ რთულია…

რაც შეეხება კითხვას, საფუძვლიანია თუ არა ვარაუდი, რომ შეიძლება რუსეთის ხელისუფლებაში გაჩნდეს ისეთი ბზარი, რომელიც პუტინის რეჟიმს ჩამოშლის? – ამგვარ ვარაუდს ნამდვილად აქვს საფუძველი – რეჟიმის ჩამოშლა, ტრანსფორმაცია და ა.შ. მოსალოდნელია. მსოფლიო ისტორიაში ამგვარი პროცესების ბევრი მაგალითი არსებობს, მაგრამ რამ­დენ ხანში მოხდება ეს, რთული სათქმელია. იმის მტკიცება, რომ ეს მოხდება ხვალ ან ზეგ, მხოლოდ სპეკულაცია იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო სუსტი რეჟიმებიც კი, მაგალითად, ირანის ან ჩრდილოეთ კორეის, სანქციების პირობებში მაინც ახერხებენ არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები მუშაობს, აზიანებს ეკონომიკას, პოლიტიკურ ელიტას… მეორე მხრივ, ამგვარ რეჟიმებს ახასიათებს ერთი რამ, რაც მათი სიძლიერეც არის და სისუსტეც: მათი მოქმედების განჭვრეტა რთულია, რადგან ეს უკიდურესად დახურული სისტემებია. იქ პროცესები ხშირად ისე მიდის, რომ ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ არაფერი იცის. შეიძლება ესა თუ ის რეჟიმი ისე იყოს მორყეული, რაც გარედან არ ჩანს, რომ მომენტალურად დაინგრეს. საბჭოთა კავშირის მაგალითიც შეიძლება გამოგვადგეს, თუმცა იქ ცოტა სხვაგვარად განვითარდა მოვლენები: ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც თვითონ დაიჯერეს, რომ იმპერიის ტრანსფორმაცია შეიძლებოდა, თუმცა, დაწყებული ცვლილებების შედეგად, გორბაჩოვს საბოლოოდ ხელში შემოენგრა საბჭოთა იმპერია. ეს მაგალითი რუსეთში კარგად იციან, პუტინი და მისი გარემოცვა, შეიძლება ითქვას, ამ ამბავზე არიან გაზრდილი, ანუ მათ კარგად იციან, რეჟიმის დასუსტებამ რა შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ ჯერჯერობით რასაც შიდა ველზე აკეთებენ, აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ეს არ დაუშვან. მათი მოქმედებები მოიცავს ორ ნაწილს: ერთია ის, რომ პოლიტიკურ ელიტაში მცირე მერყეობის შემთხვევაც კი ჩანასახშივე აღკვეთონ და მეორე – ჩაახშონ ყველანაირი საპროტესტო მუხტი ნებისმიერი ხერხით და სასტიკად. ამიტომაც არ მგონია, რომ პუტინის რეჟიმის ჩამოშლა მყისიერად იყოს შესაძლებელი.

ამ ეტაპზე, ალბათ, ყველამ – ჩვენც და უკრაინელებმაც უნდა ვცადოთ შექმნილი ვითარების იმ რაკურსით დანახვა, როგორც ამას ხედავენ დასავლელი ლიდერები: ბაიდენი, ჯონსონი, შოლცი თუ მაკრონი. ისინი ვითარებას აფასებენ, როგორც არჩევანს გლობალურ კატასტროფასა და ლოკალურ ტრაგედიას შორის. ეს უკანასკნელი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, ღმერთმა ნუ ქნას და, შეიძლება უკრაინის დამარცხებითაც დასრულდეს, რასაც შესაძლოა სხვა ქვეყნებში მოჰყვეს მძიმე გაგრძელება, მაგრამ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის კი არა, მსოფლიოს წინაშე გრძნობს პასუხისმგებლობას, ცდილობს, არ გახდეს ამ გლობალური დაპირისპირების მიზეზი, რადგან ამას რა შედეგი მოჰყვება, არავინ იცის. შეიძლება ეს შედეგი იყოს დაახ­ლოებით იმგვარი, რასაც აპოკალიფსზე გადაღებულ ფილმებში ვუყურებთ ხოლმე.

მე მაინც მგონია, რომ დასავლეთი უკრაინის ხელითვე შეეცდება რუსეთის დამარცხებას, ანუ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის იმგვარად გასაძლიერებლად, რომ მან მანამდე შეძლოს მტკიცედ დგომა, ვიდრე პუტინი იძულებული არ გახდება, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, თანაც – გაცილებით რეალისტური პირობებით. როგორ გამოვა ეს ყველაფერი, ვნახავთ…

დარწმუნებით ვერავინ იტყვის, სადამდეა წამსვლელი რუსეთი. მიტინგი, რომელიც მოსკოვში ვნახეთ, ჩემი აზრით, იყო ესკალაციის მეორე ფაზაზე გადასვლის ნიშანი, შესაბამისად, შესაძლოა, გამოაცხადოს მობილიზაცია, გააგრძელოს უკრაინული ქალაქების დაბომბვა და ა.შ. თუმცა შეიძლება ვცდებოდე კიდეც.

მოკლედ, იმის ალბათობა, რომ დასავლეთმა ამ მიმართულებით გადადგას რაიმე ნაბიჯი და ნატო ომში სამხედრო თვალსაზრისით ჩაერიოს, ძალიან მცირე მგონია, მით უფრო, რომ უკრაინელები ჯერჯერობით მედგრად დგანან, რუსეთს ძალიან უჭირს წინ წასვლა, თუმცა ბოლო დროს უკრაინულ მხარესაც გამოჩნდა მცირე შეცდომები, მაგალითად, ცოტა გაუგებარი იყო განცხადება, რომ თურმე, რაც ხდება, პოროშენკოს ბრალია, რადგან მისი პრეზიდენტობისას კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ნატოში შესვლის თაობაზე… ეს განცხადებები არ მომეწონა. თქვენს ამ კითხვაზე პასუხის დასკვნისთვის კი გეტყვით, რომ მესამე მსოფლიო ომის ღია ფაზის კონტურები ჯერ არ იკვეთება. დასავლეთი ეცდება, თავისივე ველზე, თავისივე სამეზობლოში დაამთავროს რუსეთი. უკრაინას კიდევ მიაწოდებენ იარაღს. სასურველია, ეს მოხდეს უფრო ინტენსიურად და აქტიურად”,- განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები