გურამ მაჭარაშვილი: “გორბის” კვლევით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აფასებს მიმდინარე პროცესებს
“გორბის” კვლევებით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აფასებს მიმდინარე პროცესებს, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი “გორბის” კვლევის შედეგებს.
მისივე თქმით, კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები მართებულია.
“ყოველგვარი პოლიტიკური გემოვნების გარეშე, ქართულმა საზოგადოებამ და მისმა უმრავლესობამ ორივე შემთხვევაში ნამდვილად სწორად აღიქვა ის შესაძლო საფრთხე, რაც შეიძლება, იყოს საქართველოსთვის. ამავდროულად, იმ პოზიტივის გაკეთება, რასაც საქართველო აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. ეს კვლევები კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ ჩვენი პოზიცია არის მართებული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს. თქვენი აზრით, მთავრობის ეს ნაბიჯი სწორია თუ არასწორია? 64,5 პროცენტი პასუხობს, რომ სწორია; ხოლო, გამოკითხულთა 75,9 პროცენტი ეთანხმება მსჯელობას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც – უკრაინას.