გიორგი ამილახვარი – „ნაცმოძრაობა“ წარმოაჩენს თითქოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენა ხდება, განათლების კომიტეტს არასდროს მსგავსი არაფერი განუხილავს
„ნაციონალური მოძრაობა“ წარმოაჩენს თითქოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენა ხდება. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიონ და ჩირქი მოსცხონ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა განაცხადა და ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა.
„განათლების და მეცნიერების კომიტეტს არასდროს, მსგავსი არაფერი განუხილავს, მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი წარმოაჩენენ, თითქოს რუსული სექტორის აღდგენა ხდება საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიონ და ჩირქი მოსცხონ „ქართულ ოცნებას“, თითქოს ის ატარებს პრორუსულ პოლიტიკას, ეს არის მტკნარი სიცრუე“- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 41-ე ქართულ-უკრაინულ საჯარო სკოლას არ მიეცა ფუნქციონირების საშუალება, გიორგი ამილახვრის თქმით, მსგავსი არაფერი ხდება.
„არაფერი მსგავსი არ არის, პირიქით, სამინისტროსთან ერთად აქტიური მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა უკრაინელი ბავშვი, ვინც საჭიროებს საგანმანათლებლო დახმარებას, ყოველგვარი პროცედურების გარეშე, გამარტივებული პროცედურებით ჩაირიცხება როგორც ბაღებში, ისე სკოლებში და მიეწოდება მისთვის საჭირო საგანმანათლებლო სერვისები. ჩვენ არათუ ვზღუდავთ, პირიქით, ნებისმიერი ფორმით ხელს ვუწყობთ და ვახალისებთ ამ პროცესს“ , – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.