ხუნდაძე – ლორთქიფანიძის დანიშვნაზე: დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი უკრაინიდან საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევა
უკრაინაში გია ლორთქიფანიძის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ მიშა “ოფიციალური კონვერტით” გამოგვიგზავნეს, ანუ დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი უკრაინიდან საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევა, რაც ახლაც გრძელდება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ამასთან, ხუნდაძეს იმედი აქვს, რომ უკრაინის მთავრობა მიიღებს სწორ ინფორმაციას და სათანადოდ დააფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ თანადგომას.
“არ შეიძლება, ომში მყოფ ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებდე, მათ დღეს ჩვენი თანადგომა სჭირდებათ და იღებენ კიდეც. დღეს საქართველოს მთავრობაც და პარლამენტიც ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ დონეზე, თუმცა, დუმილის პოზიცია, რასაც ამ დღეების განმავლობაში უკრაინიდან წამოსულ განცხადებებთან დაკავშირებით ვინარჩუნებთ, უკვე ქვეყნის იმიჯს სერიოზულად აზიანებს.
საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი გუნდის წევრებს, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს ადამიანები დღეს უკრაინის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვაა და სწორედ მათი დამსახურებაა ის, რაც უკრაინის ხელისუფლებისგან არაერთხელ მივიღეთ დაუმსახურებელი განცხადებების სახით.
იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინის მთავრობა მიიღებს სწორ ინფორმაციას და სათანადოდ დააფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ თანადგომას.
მას შემდეგ, რაც უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს პირი, რომელმაც უკანონოდ შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, უფრო ნათელი გახდა, თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე. ეს იმას ნიშნავს, რომ მიშა უკრაინიდან “ოფიციალური კონვერტით” გამოგვიგზავნეს ანუ დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევა და ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვა.
სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მისი ქვეყნისთვის ასეთ მძიმე პერიოდში, საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის მოიცალა და ცდილობს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა ჩვენივე ხალხისგან გაყრილი კრიმინალი ჩინოვნიკების ხელით აწარმოოს. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ, მთლიანად ქართველი ხალხისთვის.
მინდა მოვუწოდო უკრაინის ხელისუფლებას, იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს თქვენს ირგვლივ არიან, საქართველო გააცამტვერეს და უარესს დამართებენ თქვენს ქვეყანასაც, რადგან მათ დღეს უკრაინის სახით ახალი “ბეღელი” იშოვეს. პოლიტიკაში ცვლილებები იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მეგობრობა და ურთიერთთანადგომა საერთო ინტერესზე უნდა გადიოდეს, რასაც სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ორი ერის მეგობრობა კი უკვდავია. სწორედ ამ მეგობრობის სახელით ჩვენ ვერავინ შეგვაცვლევინებს გადაწყვეტილებას და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ იქნება უცვლელი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.