„იმედი მაქვს, პროკურატურა უტყუარ მტკიცებულებებს დადებს“
უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ფაქტს ეხმაურება. როგორც იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება მხოლოდ მტკიცებულებებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ შეხედულებებზე.
„იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს პროკურატურა დადებს უტყუარ მტკიცებულებებს იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც ყოფილ პრეზიდენტს წაუყენა. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ საქართველოს სასამართლო დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, სწორედ ამ მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. შესაბამისად, როგორც შიგნით პოლიტიკოსებსაც და გარეთ ჩვენს მოკავშირეებს, ყველა ეჭვი გაეფანტებათ. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებზე იქნება დამყარებული და არანაირად პოლიტიკურ შეხედულებებზე“, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.