მამუკა მდინარაძე: “ნაცმოძრაობამ” ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ჰიბრიდული ომისთვის, ბინძური და მოღალატეობრივი კამპანიისთვის, რაც აქამდე აწარმოა
„ნაცმოძრაობის“ და მისი დანაყოფების რომელიმე ინიციატივა ოდნავ სერიოზულად რომ განვიხილოთ, მათ ბოდიში უნდა მოიხადონ იმ ჰიბრიდული ომისთვის, ბინძური და მოღალატეობრივი კამპანიისთვის, რაც აქამდე აწარმოეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან მედიასთან განმარტა, რატომ არ განიხილავს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის ინიციატივას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს მიმართოს.
მისი შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინას საქართველოდან ელჩი ჰყავს გაწვეული აღნიშნული ინიციატივის დაყენება უხერხულია.
„ძალიან უცნაური იყო. ხატია დეკანოიძე ამბობდა, დილით ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასო და შუადღით დააყენეს „ლელოს“ წარმომადგენლებმა ინიციატივა. ეს დამთხვევა არ არის. სულ ვამბობდით, რომ „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანამატია.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვუთხარით უარი ამ საკითხს, „ნაცმოძრაობის“ და მისი დანაყოფების რომელიმე ინიციატივა ოდნავ სერიოზულად რომ განვიხილოთ, მათ ბოდიში უნდა მოიხადონ იმ ჰიბრიდული ომისთვის, ბინძური და მოღალატეობრივი კამპანიისთვის, რაც აქამდე აწარმოეს. უნდა მიხვდნენ, რომ ბევრი მათი ე.წ. ნარატივი საქართველოს ინტერესებს აზიანებს. ძალიან სერიოზული უხერხულობაა. უკრაინას, სამწუხაროდ, დღეს საქართველოდან გაწვეული ჰყავს ელჩი. ეს უხერხულობა ასეთი საკითხების დაყენებისას ალბათ, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, საკუთარ ქვეყანას მსგავსი უხერხულობები არ შეუქმნას. ეს ერთი მხრივ, დემარშია. ჩვენ ამის სიღრმეებში არ შევდივართ. არავის ვთხოვთ განმარტებას, პირიქით მხარს ვუჭერთ პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად, არ ვაიძულებთ ომში მყოფი ქვეყნის ადმინისტრაციას განმარტებები აკეთოს. ასეთი საკითხები არ არის რომელიმე ქვეყნის ოპოზიციის და ხელისუფლების შესათანხმებელი. მსგავსი საკითხი თანხმდება ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს რაშიც აქვთ გამოყენებული პირადი კონტაქტები უკრაინაში ეს გაშიფრულია. ვითომ კეთილშობილური მიზნებისთვის გამოყენებას პოპულისტურ სვლებს თავი დაანებონ, გაათვითცნობიერონ, რომ ასეთი საკითხები ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის გვარდება. ამ საკითხს მათ დალაგებულს ვერ განვიხილავთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ უკრაინის პრეზიდენტი ელჩს უფლებამოსილების შესასრულებლად დააბრუნებს, თავად დააყენებს თუ არა ინიციატივას “ქართული ოცნება”, მდინარაძე განმარტავს, რომ აღნიშნული საჭიროებიდან და კონტექსტიდან გამომდინარე გადაწყდება.
„მე სამი საკითხი ჩამოვთვალე. ეს გადაწყდება კონტექსტიდან გამომდინარე, თუ საჭიროება იქნება. როდესაც ისინი მსგავს ინიციატივას აყენებენ, აპრიორში იგულისხმება, რომ შესაძლოა, რაღაც რისკებთან იყოს დაკავშირებული. როდესაც ელჩია გაწვეული ეს უხერხულობა არის. მათ მიერ დაყენებულ ინიციატივებზე ჩვენ სერიოზულადაც არ ვიფიქრებთ. კარგი იქნება, თუ ცუდი, არ შევალთ შინაარსში. მათი დაყენებული ინიციატივები სერიოზული ფილტრის ქვეშ უნდა გადიოდეს, რა პროვოკაციას დაგეგმავენ კაცმა არ იცის. ეს არ არის ყველაზე მთავარი. მთავარია, რომ მათ ბოდიში მოიხადონ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ნაწარმოები ჰიბრიდული ომისთვის. ამის შემდეგ დავფიქრდებით ოდნავ სერიოზულად მაინც ვიფიქროთ, თუ არა მათ ინიციატივებზე. ამ საკითხზე უნდა გვქონდეს კონკრეტული პასუხი. ამის შემდეგ, ეს საჭირო იქნება თუ არა, ერთმანეთთან დახურულ კარს მიღმა კონსულტაციით გადაწყდება. ჩვენ საჭიროებაზე ვერ ვისაუბრებთ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მავნებლური თუ არამავნებლური მიზნებიდან გამომდინარე ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოპულისტური მიზნებიდან გამომდინარე. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, – თქვა მდინარაძემ.