კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს 2008 წლის შემდეგ მილიარდი დოლარის დახმარება გაეწია, ჩემი და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს გაძლიერებასა და თავდაცვის უნარების განმტკიცებაში დიდი ძალისხმევა ჩაიდო
არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ და თუ ეს მათ ასე გადაწყვიტეს. ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე ზეგავლენის მოხდენისკენ.
„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს 2008 წლის შემდეგ მილიარდი დოლარის დახმარება გაეწია, ჩემი და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს გაძლიერებასა და თავდაცვის უნარების განმტკიცებაში დიდი ძალისხმევა ჩაიდო. საქართველოს თავდაცვის ძალები 2008 წელთან შედარებით ამერიკასთან და სხვა მეგობრებთან თანამშრომლობის შედეგად გაძლიერდა.
ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ერთიანი პოზიცია ვაჩვენოთ რუსეთის აგრესიას, რომელმაც ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა უკრაინის ქალაქები. სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე ზეგავლენის მოხდენისკენ.
მინდა ცხადად განვაცხადო, რომ არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ და თუ ეს მათ ასე გადაწყვიტეს. ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუმცა რა მოლოდინიც არსებობს ყველა ქვეყნის მიმართ, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგია, იქნება ეს ჩემი ქვეყანა, თუ ნებისმიერი სხვა არის ის, რომ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, იქნებოდა ეს მიმართული ირანის თუ სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს, აშშ-ის და ყველა იმ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, რომლებსაც თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სჯერა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი საკითხი გაიმიჯნოს – ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე.
საქართველო ემორჩილება საერთაშორისო სანქციებს. ბევრი სანქცია შეიძლება საქართველოზე პირდაპირ არც მოქმედებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულებს სანქციებს რამდენადაც ეს მათ შეუძლიათ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს. გავიმეორებ, მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთიანი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა სწორედ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.