რომან გოცირიძე: მსოფლიო სანქციებისადმი მიერთება პოლიტიკური აქტია, ჩვენ არც „ბოინგებს“ ვაწარმოებთ, არც “ფორდს” ვუშვებთ, არც “ბეემვეს”, რომ ჩვენმა პროდუქციამ რუსეთის ეკონომიკაზე რაიმე გავლენა მოახდინოს
“მსოფლიო სანქციებისადმი მიერთება არის პოლიტიკური აქტი”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დათმობების პოლიტიკამ საქართველოს უფრო მეტი ტერიტორია დააკარგვინა.
„მსოფლიო სანქციებისადმი მიერთება არის პოლიტიკური აქტი, ჩვენ არც „ბოინგებს“ ვაწარმოებთ, არც “ფორდს” ვუშვებთ, არც “ბეემვეს” და არც მიკროსქემებს, რომ ჩვენმა პროდუქციამ რუსეთის ეკონომიკაზე რაიმე გავლენა მოახდინოს, სანქციას აქვს სოლიდარობის და პოლიტიკური მხარდაჭერის დატვირთვა. განცხადება, რომ უკრაინის გვერდით და მსოფლიოს გვერდით ვართ, ეს არის აუცილებელი და როცა მთავრობა ამას არ აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ დგას ბნელ მხარეს. დათმობების პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველომ დაკარგა უფრო მეტი ტერიტორია ვიდრე ცხინვალი და სოხუმია ერთად. ეს არის ივანიშვილის მიერ პირველივე დღიდან გაცხადებული დოქტრინა არგაღიზიანების, რომელმაც ძალიან დააზიანა ქვეყანა”, – განაცხადა გოცირიძემ.