რუსეთის ფინანსთა სამინისტრო: დეფოლტის საფრთხე ჯერ არ გვემუქრება
რუსეთის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროობლიგაციებზე კუპონური შემოსავლის გადახდა დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.
BBC-ის ცნობით, რუსეთს 117 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, 2022 წლის მარტში უნდა გადაეხადა. ამ ფასიან ქაღალდებზე გადახდა უცხოურ ვალუტაში უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ რუსული ანგარიშები უცხოურ ბანკებში გაყინულია.
რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ “გადახდა” 14 მარტს განხორციელდა. მისი თქმით, ჩაითვლება თუ არა გადახდა ეს ამერიკულ მხარეზე იქნება დამოკიდებული. სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა განაცხადა, რომ რუბლებში გადახდები რუსეთის ვალდებულებების შეუსრულებლობას, დეფოლტს ნიშნავს. სააგენტოს ცნობით, დეფოლტი 16 მარტს არ დადგა, არამედ დრო 15 აპრილამდე გაიწელა, რაც რუსეთს ვალების დაფარვის გზის მოსაძებნად დამატებით ვადას აძლევს.
აშშ-ს ხაზინის წარმომადგენელმა Bloomberg-თან საუბრისას განმარტა, რომ რუსეთის სამთავრობო უწყებებთან ტრანზაქციების აკრძალვა ვალის გადახდებს არ ზღუდავს. ვალზე ან დივიდენდებზე გადახდის შეზღუდვა 25 მაისიდან ამოქმედდება, რის შემდეგაც ყოველი გადახდისთვის, სპეციალური ლიცენზიის აღება იქნება საჭირო.
1 თებერვლის მდგომარეობით, რუსეთის მთლიანი სახელმწიფო ვალი 59,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ თანხების უმეტესი ნაწილი, 39 მილიარდი დოლარი, ობლიგაციებს მოიცავს. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2022 წელს რუსეთს 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ობლიგაციების გადახდა უწევს.