ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო, სომხეთი და მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან

საქართველო, სომხეთი და მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან და, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ბელარუსისგან, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პუტინიზმი 21-ე საუკუნის კრიმინალური იდეოლოგიაა, რომელიც თუ დროულად არ შეჩერდება, კიბოსავით გავრცელდება.

“არ არის საჭირო მათი გამართლება, ვინც მხარს უჭერს რეჟიმს და მის დანაშაულებს. მათ ათწლეულების განმავლობაში მოუწევთ ბოდიშის მოხდა და გარდაუვალი კოლექტიური პასუხისმგებლობის გაცნობიერება. მათ შორის, ლუკაშენკოსაც, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს, თავი მოაჩვენოს რუსეთის გუბერნატორის დანიშნულ ლიდერად, რომელსაც უთხრეს, გაეკეთებინა ის, რაც ძალიან არ მოსწონს.

ყველა მათგანს აკავშირებს 21-ე საუკუნის კრიმინალური იდეოლოგია – პუტინიზმი… ეჭვგარეშეა, რომ უკრაინის მხარდაჭერა – ეს ნიშნავს პუტინიზმის მხარდაჭერას. როცა პუტინიზმი იმარჯვებს, ყველა აგებს – უკრაინაც, დასავლეთიც და ღობეზე მსხდომნიც.

პუტინიზმს იგივე ადგილი უკავია, რაც მე-20 საუკუნის სხვა ტოტალიტარულ რეჟიმებს – ნაციზმს, კომუნიზმს, მაოიზმს. პუტინის Z ასოს ადგილი სვასტიკის გვერდით არის, ანუ ისტორიის ორგანული ნარჩენების კონტეინერში.

პუტინიზმისთვის სანქციების მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პუტინისტები ვერ გაექცევიან სამართლიანობას. უკრაინაში პუტინიზმი უნდა შეწყდეს, თორემ კიბოსავით გავრცელდება. საქართველო, სომხეთი და მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან და, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ბელარუსისგან.

დასავლეთმაც უნდა გაწმინდოს პუტინიზმის სული. და ეს პროცესი დაიწყო – ყოველი ჩამორთმეული იახტით, ვილით, დახურული ანგარიშით… უკრაინის ომმა დაიწყო მასობრივი და საყოველთაო გლობალური დეპუტინიზაცია. ბომბები ეცემა მშვიდობიან მოსახლეობას და დრო გადის”, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები