“პუტინი შეიცვალა” – ტრამპისთვის უკრაინაში შეჭრა მოულოდნელი აღმოჩნდა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ფიქრობდა, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების კონცენტრაცია მოლაპარაკებებისთვის იქნებოდა გამოყენებული.
“გაკვირვებული ვარ, მიკვირს. მეგონა, რომ პუტინი საზღვართან ჯარის გაგზავნით მოლაპარაკებას გეგმავდა. მეგონა, რომ ეს მოლაპარაკების მკაცრი, მაგრამ ჭკვიანური გზა იყო. მიმაჩნდა, რომ ის კარგი გარიგების დადებას აპირებდა, როგორც ამას ყველა აკეთებს შეერთებულ შტატებთან, როგორც ეს ხდება ნებისმიერ სავაჭრო ხელშეკრულებაში. შემდეგ ის შევიდა, და ვფიქრობ, რომ პუტინი შეიცვალა”, – განაცხადა ტრამპმა Washington Examiner-თან ინტერვიუში.
აშშ-ის ყოფილმა ლიდერმა უკრაინაში “სპეცოპერაციის დაწყების” შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას “მთელი მსოფლიოსთვის ძალიან სამწუხარო” უწოდა.
ტრამპმა გაიმეორა, რომ “ძალიან მკაცრი” იყო პუტინის მიმართ, მაგრამ მას კარგად ეწყობოდა.