შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ორმხრივ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზგასმით აღინიშნა შვედეთის საერთაშორისო განვითარების (SIDA) წვლილი საქართველოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებაში.
შეხვედრაზე, აგრეთვე, ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ამასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე. აგრეთვე, ხაზი გაუსვეს საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულ პარლამენტის რეზოლუციას ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში შვედეთის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.