“მხოლოდ უკრაინული მოდელი” – პოდოლიაკმა მედინსკის უპასუხა

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

ვლადიმერ მედინსკიმ დღეს თქვა, რომ კიევს სურს სახელმწიფოს ავსტრიული, ან შვედური მოდელის შექმნა. ამასთან,  მედინსკიმ თქვა, რომ “უკრაინის ნეიტრალური სტატუსის შენარჩუნება და განვითარება უკრაინის დემილიტარიზაცია – საკითხების კომპლექსია, რომელიც უკრაინის არმიის ზომას უკავშირდება”.

პოდოლიაკის თქმით, ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინის მოდელი მხოლოდ  უკრაინული იქნება.

“უკრაინა რუსეთთან ომშია. ამიტომ, მოდელი შეიძლება, იყოს მხოლოდ უკრაინული და შეიძლება, ვისაუბროთ მხოლოდ უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებზე და არა რაიმე სხვა ვარიანტებსა და მოდელებზე”, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

პოდოლიაკი განმარტავს, რომ საუბარია „უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიებზე“, უფრო ეფექტურზე, ვიდრე “ბუდაპეშტის მემორანდუმი” პრაქტიკაში აღმოჩნდა.

„ეს ნიშნავს, რომ გარანტიის ხელმომწერები არ იდგებიან განზე უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, როგორც ახლა და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის მხარეს და ოფიციალურად, დაუყოვნებლივ მოგვაწვდიან საჭირო იარაღს. მეორე, უკრაინას აღარ სურს იყოს დამოკიდებული ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომლებიც ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ცის დახურვის საშუალებას გვაძლევენ ან არ გვაძლევენ. ჩვენ გვჭირდება პირდაპირი, მკაცრი გარანტიები, რომ ცა აუცილებლად დაიხურება“, – თქვა პოდოლიაკმა.

უკრაინული დელეგაციის წევრის თქმით, უკრაინა არასდროს წარმოადგენდა საფრთხეს მეზობლებისთვის, „ამ მეზობლებისგან განსხვავებით“ და სწორედ ამიტომ სურს, ჰყავდეს მოკავშირეთა ძლიერი ჯგუფი და უსაფრთხოების მკაფიოდ გარანტიები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები