ნატო-ს საგაზაფხულო საპარლამენტო ასამბლეის სესია კიევის ნაცვლად ვილნიუსში ჩატარდება
ლიეტუვის სეიმის საბჭო ვილნიუსში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარებას დათანხმდა.
სესია მაისის ბოლოს ჩატარდება და მისი გატანის მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდება.
ამის შესახებ გამოცემა Baltic Times იტყობინება.
“ლიეტუვა სამი დღით ნატო-ს პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა, აუდრონიუს აჟუბალისმა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 27-30 მაისს ლიეტუვის სეიმში გაიმართება. ღონისძიებას 500-მდე უცხოელი სტუმარი დაესწრება.
ლიეტუვაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა უკანასკნელად 2014 წელს გაიმართა, როდესაც ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების 10 წლის იუბილე აღნიშნავდა.